ახალი ამბები

არაადამიანური მოპყრობისთვის მსჯავრდებული ძებნილი პრეზიდენტმა დააჯილდოვა

5 ნოემბერი, 2013 • • 3233
არაადამიანური მოპყრობისთვის მსჯავრდებული ძებნილი პრეზიდენტმა დააჯილდოვა

“რაც შეეხება რევაზ ჭარბაძეს, მე არა მხოლოდ უყოყმანოდ ვაწერ ხელს მისი შეწყალების დოკუმენტს, არამედ ვაჯილდოებ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით ნიშნად დაფასებისა იმ დიდი ღვაწლისა, რაც საუკუნეების შემდეგ, ქართული სამხედრო წარმოების აღორძინებით და შექმნით გამოიხატა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

პრეზიდენტის თქმით, რეზო ჭარბაძე  ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დაწინაურებული თაობის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და დამსახურებული  წარმომადგენელია.

 

“გარდა იმისა, რომ თბილისის გარშემო თავდაცვის ზღუდეების მშენებლობას ხელმძღვანელობდა, ქართულ სამხედრო ინდუსტრიას რეზო სათავეში მაშინ ჩაუდგა, როცა ის, პრაქტიკულად, გაპარტახებული და განადგურებული იყო. ჩვენთვის საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ახალ იარაღს იმ პირობებში, როდესაც 2008 წლის შემდეგ თითქის ყველა ქვეყანა ყოყმანობდა და უარს ამბობდა მოეყიდა იარაღი.

 

ასეთ ვითარებაში არაერთხელ აღმოჩდა ისრაელი და სინგაპური. ჩვენ სწორედ მათ მივბაძეთ, როდესაც ფართომასშტაბიანი ადგილობრივი სამხედრო წარმოების შექმნა გადავწყვიტეთ. რეზო ძალიან სერიოზულად მიუდგა ჩემს ამ დავალებას. მან მოიარა ბევრი ქვეყანა, შეხვდა წინა წლებში სამშობლოდან გადახვეწილ სპეციალისტებსა და ინჟინრებს და ისინი საქართველოში დააბრუნა. ამას გარდა, დაითანხმა ნიჭიერი უცხოელი სპეციალისტები, ეთანამშრომლათ ჩვენს ქვეყანასთან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, ჭარბაძემ შეძლო, რომ სახელმიწფოსთვის დაებრუნებინა საბაზისო წარმოებები, რომელთა პრივატიზება “სხვადასხვა საეჭვო ჯგუფებმა წინა წლებში გაურკვეველი მაქინაციების გზით” მოახერხეს. 

 

რევაზ ჭარბაძე
რევაზ ჭარბაძე

“ძალიან ვამაყობ იმ ტექნიკით, რომელთა შექმნაც ქართველებმა რევაზ ჭარბაძის ხელმღვანელობით შეძლეს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ უმოკლეს ვადებში გამოვუშვით ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, კავშირგაბმულობის მაღალტექნოლოგიური მანქანა, არტილერიული ცეცხლის ერთ-ერთი საუკეთესო დანადგარი მსოფლიოში და ეს იმ პირობებში, როცა უცხოეთის ქვეყნებმა უარი თქვეს ჩვენთვის უპილოტო საფრენი აპარატების მოსყიდვაზე; თანაც მაშინ, როცა ისინი ჰაერივით გვჭირდებოდა. ჭარბაძემ სასწაული შეძლო და ესტონელ სპეციალისტებთან ერთად თბილისში ავაწყეთ ამ ურთულესი აპარატების წარმოება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ რევაზ ჭარბაძეს ჯერ დაატოვებინეს მის მიერ შექმნილი წარმოება, ხოლო შემდეგ- საქართველოც.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რევაზ ჭარბაძეს ორი მუხლით წაუყენა ბრალი – სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 144-ე პირმა 3-ე მუხლის 2- ნაწილის „ა“ „ბ“ ‘დ“ „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა). საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც რევაზ ჭარბაძე სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა, მაშინ, როცა ამ უწყებას ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობდა. კერძოდ, საუბარია ციხის ბუნტის საქმეზე, რომელშიც სასამართლომ ჭარბაძე დამნაშავედ ცნო არაადამიანური მოპყრობის ნაწილში.

 

“ეს ბრალდებები არა მხოლოდ თავიდანვე იყო სამართლებრივად საეჭვო, არამედ, ზოგადად, გადაჭარბებულ ინტერესს იწვევდა მთავრობაში ჭარბაძის მიმართ, მათ შორის, წარმოადგენდა სამართალდამცავ სისტემებში დაბრუნებული იმ თანამდებობის პირების ინსტერესს, ან შესაძლოა დავალებასაც, რომლების შევარდნაძის პერიოდში შემჩნეული იყვნენ საქართველოს ამჟამინდელი ოკუპანტის სპეცსამსხურებთან მჭიდრო თანამშრობლობაში. სხვათა შორის, ეს გაითვალისწინა ევროკავშირის იმ ქვეყნის  ხელისუფლებამ, რომელმაც რევაზ ჭარბაძეს უმოკლეს ვადაში მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი.

 

ჩემი პრეზიდენტობა ემსახურებოდა ჭარბაძის მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდების საქართველოში მოზიდვას და მათ გამოყენებას ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვამაყობ, რომ ბევრ ასეთ ადამიანს გავუხსენით გზა.

 

სამწუხაროა, რომ ახლა საპირისპირო ტენდეცია გაჩნდა და ასეთ ხალხს ან ატოვებინებენ ქვეყანას, ან ისინი თავად იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას უპერსპექტივობის გამო. ამჟამად წარმოებაც თითქმის გაჩერებულია და სპეციალისტებიც ისევ დაუსაქმებელი გვყავს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი