დღეს, 18 აპრილს, აგარის ქარხნის თანამშრომლები თბილისამდე საპროტესტი მსვლელობით ჩამოსვლას გეგმავენ და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ აგარის მაცხოვრებლების პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯები გადადგას. პროფკავშირის განცხადებით, მსვლელობის ბოლო წერტილი საქართველოს მთავრობის კანცელარია იქნება.
აგარის შაქრის ქარხანა, რომელიც აგარაში სამუშაო ადგილებს ქმნიდა, უკვე 7 თვეა გაჩერებულია. ამ პერიოდის მანძილზე აგარის მოსახლეობამ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა, თუმცა ქარხანა კვლავ არ მუშაობს.
როგორც თანამშრომლები ამბობენ, ქარხნის 500-მდე დასაქმებული, ვისთვისაც და ვისი ოჯახებისთვისაც ეს ერთადერთი შემოსავალი იყო, უმუშევრად არის დარჩენილი.
“ეს ხალხი დაიხოცება შიმშლით, სიცივით, კომუნალურებია, აღსრულების მანქანები დადიან და ათასი პრობლემაა. დღეს ჩვენთვის ყველა წუთი და წამი მნიშვნელოვანია,”- ამბობდა მარტში გამართულ აქცოაზე ნეტგაზეთთან საუბრისას ზაზა ალბორიშვილი, რომელიც აგარის შაქრის კომპანიის თანამშრომელი და ადგილობრივი პროფკავშირის თავმჯდომარეა.
ადგილობრივები ნეტგაზეთთან საურისას ამბობენ, რომ როდესაც აგარაში შაქრის ქარხანა დაარსდა, ხალხიც მაშინ დასახლდა. მათ არ აქვთ სახნავ-სათესი მიწები და სარწყავი. ქარხანა მათი ერთადეთი შემოსავალი იყო
“ჟანგბადს რომ გადაუკეტავენ ადამიანს, ასე მოხდა. ქარხანა რომ მუშაობს, ჩვენი ოჯახის წევრებიც მუშაობენ და საარსებო წყარო გვაქვს,”- უყვება ნეტგაზეთს ნატო ოსაძე, რომელიც ქარხანაში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა.