ახალი ამბები

ფარული სატელეფონო მოსმენების სისტემა არ შეცვლილა

31 ოქტომბერი, 2013 • • 2412
ფარული სატელეფონო მოსმენების სისტემა არ შეცვლილა

ჟურნალისტი ლაშა ტუღუში ერთ-ერთია იმ საინიციატივო ჯგუფიდან, რომელმაც საკანონმდებლო წინადადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა პარლამენტს, რათა კანონით იყოს შესაძლებელი მიყურადების კონტროლი და მონიტორინგი.

 

“ეს სისტემა დღემდე იგივეა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ გვქონდა შეხვედრები სატელეკომუნიკიციო კომპანიებთან. ყველა ასეთ კომპანიაში არის ადგილი, სადაც შსს-ს აქვს თავისი მოწყობილობები, რომელიც მიერთებულია სისტემაზე და ვერავინ აკონტროლებს,” – აცხადებს ლაშა ტუღუში.

 

მისივე თქმით, სწორედ ამის ეფექტურ კონტროლს ისახავს მიზნად ის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მათ პარლამენტს წარუდგინეს, ხოლო შემდეგ ეს წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად აქცია ორმა საპარლამენტო კომიტეტმა.

 

“არსებობს ასეთი მონიტორინგის სხვადასხვა მოდელი, რომ კონტროლი განხორციელდეს სასამართლოს, პარლამენტის ან სხვა საშუალებით”, – აცხადებს ლაშა ტუღუში.

 

იმის მიუხედევად, რომ კანონპროექტი უკვე დიდი ხანია მომზადებულია, ის პარლამენტს დღემდე არ მიუღია.

 

გუშინ, 30 ოქტომბერს, “ფრანს-პრესმა” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა შესაძლოა დღემდე იყენებდეს შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის, “ერიქსონის” ტექნოლოგიას საკუთარი მოქალაქეების უკანონო მონიტორინგისთვის. ფრანს–პრესის ცნობით, ამის შესახებ განცხადება კომპანია “ერიქსონმა” 30 ოქტომბერს გააკეთა.

 

ფრანს–პრესის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აღნიშნული ტექნოლოგია კრიმინალების სათვალთვალოდაა შექმნილი და ერიქსონმა ის ქართულ კომპანია ჯეოსელს 2005 წელს მიჰყიდა ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად.

“ტექნოლოგია კრიმინალთან ბრძოლისათვის კანონიერ მონიტორინგს ითვალისწინებს, მაგრამ (საქართველოს) ხელისუფლების წარმომადგენლები შესაძლოა მას იმ მიზნებისთვის იყენებს, რისთვისაც იგი შექმნილი არ არის”, – გამოცემის ცნობით, განაცხადა ერიქსონის სპიკერმა ფრედრიკ ჰალსტანმა.

სტატიის მიხედვით, მის ამ განცხადებას წინ უსწრებდა შვედეთის საზოგადოებრივი რადიოს რეპორტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება ერიქსონის ტექნოლოგიით შესაძლოა მოსახლეობას უსმენდეს.

ფრანს–პრესი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კომპანია ჯეოსელის წილის უმრავლეს ნაწილს შვედურ–ფინური სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, თელია სონერა ფლობს.

 

ფრანს–პრესის სტატიის მიხედვით, ხმები იმის შესახებ, რომ ერიქსონის ტექნოლოგიებს უკანონო მოსმენებისთვის იყენებენ, მოჰყვა შესაბამის ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

“მეთვალყურეობა სასამართლო ავტორიზაციის გარეშე “სისტემური პრაქტიკაა” საქართველოში”, – ამბობს ტომას ჰამერბერგი თავის ანგარიშში საქართველოს შესახებ, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უკანონოდ უსმენს.

“საქართველოში უკანონო მოსმენები არ ხორციელდება, ამის პოლიტიკური ნება ქვეყანაში არ არსებობს. მოსმენები ხორციელდება მხოლოდ სასამართლო სანქციით ოპერატიული საქმიანობისთვის”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” შსს-ში.

2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 9 მაისამდე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობით 1207–ჯერ მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია მთავარი პროკურატურისგან “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”(IDFI) გამოითხოვა. შვედური რადიოს მტკიცებით კი, საქართველოს ხელისუფლებას 21 ათასი მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა აქვს, რომელთა ⅓ ჯეოსელს უკავშირდება. რადიო არ ასახელებს ამ ინფორმაციის წყაროს.

თელია სონერა
თელია სონერა

სალომონ ბეიკელმა, თელია სონერას სპიკერმა ფრანს–პრესს განუცხადა, რომ საქართველოში მომუშავე ოპერატორები ვალდებულები არიან, რომ მთავრობას ქსელზე დაშვების უფლება მისცენ.

“ის [მთავრობა] ამონიტორინგებს ქსელებს და ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რას უსმენენ და რა სახის ინფორმაციას აგროვებენ – ეს არც ჩვენ და არც სხვა ოპერატორებმა იციან”, – განაცხადა მან.

პასი კოისტინენმა, ჯეოსელის აღმასრულებელმა დირექტორმა შვედეთის რადიოს უთხრა, რომ მიყურადება საქართველოს კანონმდებლობით უკანონო არ ყოფილა.

“ჩემთვის ეს მიუღებელია და ვისურვებდი კანონის შეცვლას”, – განუცხადა მან რადიოს, – “გამომდინარე იქიდან, რომ მიყურადება კანონის შესაბამისად ხორციელდება, ჩვენ ამ ქვეყნის კანონმდებლობას უნდა მივყვეთ”.

საქართველოს მთავრობის მრჩეველმა თომას ჰამერბერგმა ამ საკითხზე განცხადება პირველად ჯერ კიდევ 20 მაისს გააკეთა. ჰამერბერგის თქმით, საჭიროა, რომ საგამოძიებო უწყებების მხრიდან გამოძიების პროცესში ეჭვმიტანილის თვალთვალის პროცესის სამართლებრივი რეგულირება განხორციელდეს.

“თვალთვალი მხოლოდ კანონის ფარგლებში, მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა იყოს დაშვებული. როდესაც საგამოძიებო პროცედურა დასრულდება, პირს, რომელსაც გამოძიება უთვალთვალებდა, უნდა ეცნობოს ამ ფაქტის შესახებ და უნდა მოხდეს მისი საქმის კურსში ჩაყენება იმის თაობაზე, რომ თვალთვალი შეწყდა. ამასთან, უნდა განადგურდეს ის მასალა, რომელიც გამოძიებას არ სჭირდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი