ახალი ამბები

51–ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს

27 ოქტომბერი, 2013 • • 1086
51–ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს

ორი ამომრჩეველი- რუსუდან ბაშილავა და ნანული ლორთქიფანიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, რომ ისინი დილით, 11 საათისთვის ხმის მისაცემად ზემოხსენებულ სკოლაში გახნილ ერთ–ერთ უბანზე, კერძოდ, 22–ე უბანზე მივიდნენ, თუმცა სიაში არ აღმოჩნდნენ. 

 

“როგორც გაირკვა, ამ სკოლაში ორი უბანია გახნილი და მე ხმა 21–ე უბანზე უნდა მიმეცა. როდესაც ეს ამბავი გავარკვიე, 22–ე უბნიდან ხმის მისაცემად 21–ე უბანზე მივედი, თუმცა იქ მითხრეს, რომ მარკირება უკვე გაკეთებული მქონდა და ხმას ვეღარ მივცემდი”, – აცხადებს ბაშილავა და დასძენს, მისთვის უცნობია, რა დროს განხორციელდა მისი მარკირება 22–ე უბანზე, რადგან მას ის იქ რეგისტრაცია არ გაუვლია და მხოლოდ საარჩევნო სიაში მისი არყოფნის საკითხს არკვევდა. ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ნანული ლორთქიფანიძეც.

 

22–ე სარჩევნო უბნის კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ზემოხსენებული ადამიანების მარკირება არ განუხორციელებიათ. ისინი ვარაუდობენ, რომ ქალბატონების ხელზე მარკირების სითხე იმ მაგიდიდან გადავიდა, რომელსაც ისინი დაეყრდნენ რეგისტრატორთან საუბრისას. “ნეტგაზეთის” შეკითხვას, არის თუ არა ის პრობლემა, რომ მარკირების სითხე მოქალაქეს შეიძლება მხოლოდ მაგიდიდან გადაედოს, კომისიის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ამ პრობლემას აღმოფხვრიან.

 

ნანული ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ პატრული 21–ე უბნის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ გამოიძახეს, რადგან იგი ხმამაღლა გამოხატავდა პროტესტს იმის გამო, რომ ვიღაცების შეცდომის გამო ხმის მიცემის უფლებას უზღუდავდნენ. პატრულის თანამშრომლების მოსვლის დროს პრობლემა უკვე აღმოიფხვრა, რადგან 22–ე კომისიის თავმჯდომარემ მარინე ქვარაიამ ზემოხსენებულ ქალბატონებს განცხადებით დაუდასტურა, რომ მარკირების მიუხედავად, მათ მის უბანზე ხმა არ მიუციათ, რის შემდეგაც 22–ე უბანზე მათი ამის გაკეთების საშუალება მიეცათ:

 

“2 საათი დავკარგე ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ჩემი ხმის და ჩემი ქვეყნის დაცვისათვის მთელ ცხოვრებასაც დავკარგავ. ჩვენ ამდენი რომ არ გვებრძოლა, ჩვენი ხმა დაიკარგებოდა”, – აცხადებს პროფესიით პედაგოგი რუსუდან ბაშილავა, რომელიც დასძენს, რომ ხმას ქვეყნის მომავალს და განვითარებას აძლევს.

 

ნანული ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ იგი საკითხს შეისწავლის და შესაბამის ორგანოს საჩივრითაც მიმართავს.

 

ზემოხსენებულ უბანზე არჩევნებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება, თუმცა ჯერ არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე აღნიშნულ უბანს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) დირექტორი იაზენ ლენარჩიჩი ეწვია და მედიისთვის განცხადება გააკეთა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი