ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ზეწოლის გამო დავტოვე

24 ოქტომბერი, 2013 • • 2664
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ზეწოლის გამო დავტოვე

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში არ იმყოფება და მან კომისიის სხდომში მონაწილეობა “სკაიპის” საშუალებით მიიღო.  

 

პირველი კითხვა ირაკლი ჩიქოვანს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა დაუსვა. ხიდაშელი დაინტერესდა, თუ რა გახდა მისი ქვეყნიდან წასვლის მიზეზი?

ირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანმა კომისიის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ქვეყანა მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად დატოვა:

 

“ჩემზე განხორციელდა ზეწოლა. მე არ ვიცი, ეს ხალხი ვინ არის, მაგრამ შემიძლია ეჭვების დონეზე ვივარაუდო, ეს ვისგან მოდის. ფაქტების გარეშე რომ ვილაპარაკო, არ მგონია, ეს სწორი იყოს. მე არ მინდა ფაქტებს გარაშე ლაპარაკი და არ მინდა უტყუარი მტკიცებულების გარეშე ვინმეს რამე დავაბრალო. დიდი ალბათობით ვიცი, ზეწოლა საიდანაც მოდის, მაგრამ არავითარი მტკიცებულება არ მაქვს. ეს ხალხი არც წერილს არ მიგზავნის, რომ რაიმე მტკიცებულება იყოს.”

 

ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას განუცხადა, რომ პირველად მასზე მუქარა 2012 წლის 18 –19 ნოემბერს განხორციელდა:

 

“ხელს ვერ დავადებ. ფიზიკური მუქარა იყო. ეს არ იყო სატელეფონო მუქარა. ორჯერ იყო, მანქანასთან დამხვდნენ. სურათი რომ ვნახო, ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ზღვარს გადავიდა ეს მუქარები. ფარულ ჩანაწერებს მე არ ვაკეთებ და ისინი კი მტკიცებულებებს არ ტოვებენ.”  

 

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით 2013 წლის 15 აპრილს მიმართა.

 

ამჟამად კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები არიან კარლო კვიტაიშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი