წარმოდგენილ პროექტში ყურადღება ისეთ საკითხებზე მახვილდება, როგორიცაა: თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება ქალებისა და კაცებისთვის; ქალთა წინააღმდეგ შრომითი დისკრიმინაციის აღმოფხვრა; ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დროს დარეგულირება; ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას თანხმობის სავალდებულოობა; ღამით მუშაობის შეზღუდვა ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის; დამატებითი შესვენება მეძუძური ქალისთვის; შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და სხვა.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ შრომის კოდექსის რეფორმის მეორე ტალღას, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს შრომით ურთიერთობებში. როდესაც ქალის დასაქმების საკითხი განიხილება რომელიმე დაწესებულებაში, არამცდაარამც შეკითხვები დასაქმების წინარე ურთიერთობაში არ უნდა ეხებოდეს შესაძლო ორსულობას, შესაძლო შვილის ყოლას, დაქორწინების პერსპექტივას და ა.შ. ჩვენი მიზანია, რომ ქალებს და კაცებს თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება და სოციალური პირობები ჰქონდეთ, რომ ღამე, ზეგანაკვეთური შრომა და მივლინება იყოს განსაზღვრული ქალთა კატეგორიისთვის მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში. განსაზღვრული კატეგორია არის ორსული, მეძუძური, ნამშობიარევი, თუ ის ქალები, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის შშმ პირი ყავს, ან ახალშობილი, მანამ, სანამ ახალშობილი რამდენიმე თვეს არ მიაღწევს,“ – ამბობს თეა წულუკიანი.
მისივე განმარტებით, პროექტში ჩადებულია ისიც, რომ მშობიარობის შემდეგ მშობლებმა თავად აირჩიონ, რომელი გამოიყენებს დეკრეტულ შვებულებას, იმის მიხედვით, თუ რომლის სახლში დარჩენის შემთხვევაში ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგება ოჯახს.
წულუკიანი განმარტავს, რომ მამაკაცების მხარდაჭერის იმედი აქვს:
„ეს ქალთა უფლებებს ეხება ძირითადად, მაგრამ მამაკაცის უფლებებიც არის, როგორც მშობლების უფლებები ამ ტალღაში გათვალისწინებული და მე, პირველ რიგში, მამაკაცების მხარდაჭერის იმედი მაქვს, რადგან ყველა კაცმა იცის ოჯახში, თუ მისი ფეხმძიმე მეუღლე როგორ წვალობს სამსახურში და როგორ უჭირს თავისი უფლებების დაცვა, როგორც მშობიარობამდე, ასევე, მშობიარობის შემდეგ. ჩვენ აგრეთვე გვინდა, რომ დეკრეტული შვებულების პირობები იყოს ისეთი, რომ როდესაც ქალი ბრუნდება სამსახურში, სანამ არ მიაღწევს ბავშვი 1 წელს, აკრძალული იყოს კონტრაქტის გაწყვეტა. ეს არის პროექტი, მას განვიხილავთ რამდენიმე კვირის, შეიძლება თვეების მანძილზეც, ყველასთან, მანამ, სამამ წარვადგენთ პარლამენტში.”
წულუკიანი აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, რომ საქართველო შრომის კოდექსზე მუშაობს:
„შრომის კოდექსის რეფორმის პირველი ტალღა, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ დღეს საერთაშორისო სტანდარტებით გვსაყვედურობენ, რომ ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ, ეს მეორე ტალღა ემსახურება ქალთა უფლებების გაძლიერებას და იმის ჩვენებას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ შრომის კოდექსზე მუშაობას და რომ ეს არის მუდმივი, მიმდინარე და პროგრესირებადი პროცესი.“
დღევანდელი კონფერენცია გაეროს პროგრამის – გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში– მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) , გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNEPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ( UN Women) შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით ახორციელებს.
კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მომზადების პროცესში კონსულტაციები გაიმართება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და დასაქმებულთა გაერთიანებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.