ახალი ამბებისამართალი

უგრეხელიძე ჭორს ავრცელებდა, რომ თანამშრომელ ქალებთან სექსუალური კავშირი ჰქონდა -მოსარჩელეები

30 მარტი, 2018 • 6917
უგრეხელიძე ჭორს ავრცელებდა, რომ თანამშრომელ ქალებთან სექსუალური კავშირი ჰქონდა -მოსარჩელეები

საჯარო რეესტრის უკვე ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე დასაქმებულ ქალებს “ციყვებს” ეძახდა და მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა – ორი მოსარჩელის საქმე შევიდა “კოალიცია თანასწორობისთვის” მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას ეხება.

საჯარო რეესტრის წინააღმდეგ ორი ქალის საქმე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა. ეს ქალები რეესტრიდან 2017 წელს დაითხოვეს, მიზეზად კი სააგენტოში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები დაასახელეს.

“მუშაობის პროცესში არაერთხელ ჰქონია ადგილი მოსარჩელეთა შევიწროებასა და სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებაში ხელის შეშლას. საქმეში წარდგენილია მხარეებს შორის პირადი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც იკვეთება სექსუალური შევიწროება. სააგენტოს თავმჯდომარე მიმართავდა მოსარჩელეებს ისეთი ზედმეტსახელებით, რომლებიც მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი “ციყვები”, მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა. საქმეში ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები,” – ვკითხულობთ თანასწორობის კოალიციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მოსარჩელეები სასამართლოში მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ამ ეტაპზე სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას აქვს წარმოებაში მიღებული.

იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ხელძღვანელ პაპუნა უგრეხელიძეს თანამშრომლები სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა მედიასთან ისაუბრა. ამ ყოფილი თანამშრომლის საქმეზე სახალხო დამცველმა  2017 წლის მაისში დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ, [დაზარალებულის] მიმართ ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”.

მას შემდეგ, რაც დასკვნის შესახებ მედიითაც გახდა ცნობილი და უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლმა კონფიდენციალურად ისაუბრა მედიასთან, უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა.

პაპუნა უგრეხელიძე უარყოფს და ანგარიშსწორების მცდელობას უწოდებს ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა მასზე შური იძია, რადგან მანამდე მისი ქმარი გაათავისუფლა საჯარო რეესტრში დაკავებული სამსახურიდან.

პაპუნა უგრეხელიძე განცხადებაში ასევე საუბრობს იმ ორ ადამიანზე, ვინც მას სასამართლოში უჩივლა:

“[ყოფილი თანამშრომელი] კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე “შევიწროების” არგუმენტის დამატება ურჩია,” – აღნიშნა უგრეხელიძემ თავის განცხადებაში.

ამ ეტაპზე, რამდენადაც ნეტგაზეთისთვის არის ცნობილი, სამართლებრვი გზით სამი ქალი დავობს უგრეხელიძის წინააღმდეგ. აქედან, ორი – ზემოთ მოყვანილ საქმეებზე, სადაც სარჩელი საიას დახმარებით მომზადდა, ასევე, სასამართლოსთვის მიმართვას ის თანამშრომელიც გეგმავს, ვისაც უკვე ხელთ აქვს ომბუდსმენის დასკვნა, რომელიც მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადასტურებს.

ამავე თემაზე:

“იგრძნობოდა, რომ მას ყველაფერი ეპატიებოდა” – უგრეხელიძის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი

უგრეხელიძის საქმე – დაზარალებული ამბობს, რომ თეა წულუკიანმა ყველაფერი იცოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი