ახალი ამბები

მინისტრი ბრძანდებით, ჯერ დეტალებს უნდა გაეცნოთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები – ძიძიგური გომელაურს

26 ნოემბერი, 2024 •
მინისტრი ბრძანდებით, ჯერ დეტალებს უნდა გაეცნოთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები – ძიძიგური გომელაურს

ქალი, რომელმაც პოლიციელები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება. ნათია ძიძიგურის თქმით, ვახტანგ გომელაური ჯერ საქმის დეტალებს უნდა გაეცნოს და დასკვნები ამის შემდეგ გააკეთოს.

ძიძიგურის თქმით, დაკავების დროს მან პოლიციელებს თავად მოუწოდა, ჩაერთოთ სამხრე კამერები, რათა დაფიქსირებულიყო მისი შევიწროების ფაქტი. ქალი ამბობს, რომ ყველა დეტალის შესახებ მოუყვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს.

“მივმართავ გომელაურს. როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, ჯერ საქმის დეტალებს უნდა გაეცნოთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივაწოდე ინფორმაცია გუშინ. შეგიძლიათ გაეცნოთ საქმეს. ცილისწამება რომ დანაშაულია, ეს ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ და არ უნდა გეშლებოდეთ. რატომ ჰქონდათ პოლიციელებს სამხრე კამერები გამორთული? მე მოვუწოდე ჩართვისკენ, რომ დაეფიქსირებინათ, თუ როგორ ვიდექი მუხლებზე. კითხვაზე პასუხი იყო მხოლოდ სიცილი. 3 მოწმე, რომლებმაც დაინახეს აღნიშნული ფაქტები, ისინიც ცრუობენ?!”, – წერს ძიძიგური სოციალურ ქსელში.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 1%-ითაც არ უშვებს, რომ ნათია ძიძიგურის მონაყოლი მართალია.

“ეს არის მართლა ძალიან სამარცხვინო ბრალდება. პირდაპირ გეტყვით, ეგეთი რაღაც მართლა არ გამიგია. როგორ ვთქვა?! ასეთი საქციელი და ასეთი ბრალდება არასოდეს არ ყოფილა. მუხლებზე დამაყენეს და … პოლიციელებს და მკვლელებს არ ვექცევით მასე, რომ ვაკავებთ ხოლმე. მართლა მკვლელებს და რეციდივისტებს არ ვექცევით ასე და ახალგაზრდა გოგო … როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, ქართველი პოლიციელი … მუხლებზე დააყენეს და ასე მიჰყავდათ?! რაღაცა სისულელეები. დაამტკიცონ, კი ბატონო. კი ბატონო, ეგრე შეიძლება დაგაბრალოთ თქვენ, რომ მოხვედით ჩემს სახლში და ეგრე აწამეთ ჩემი შვილი, ჩემი … ხომ უნდა დაამტკიცო ელემენტარულად?!”, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გარდა ამისა, ნათია ძიძიგურის ინფორმაციით, ის “პოლიციელის მისამართით შეურაცხყოფის, გინების, გზის ხელოვნურად გადაკეტვის” ბრალდებით სასამართლოში დაიბარეს.

“დამიკავშირდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოდან და დამინიშნეს სხდომა 5 დეკემბერს, 11 საათზე. მედავებიან პოლიციელის მისამართით შეურაცხყოფას, გინებას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას. მე მავიწროებდნენ, არასათანადოდ მეპყრობოდნენ და კიდე მე მიყენებენ აბსურდ ბრალდებებს”, – წერს ძიძიგური.

ნათია ძიძიგური 19 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ აქციის დაშლის დროს დააკავეს. 23 ნოემბერს “ფორმულას” ეთერში მან განაცხადა, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა სექსუალურად შეავიწროვეს.

“ისინი დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ და მომმართავდნენ. მანქანაში მუხლებზე დამაყენეს, მიუხედავად იმისა, რომ უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა [და ადგილი იყო]. მე ვთხოვდი რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა ეს არ გააკეთეს. მივმართავდი, რომ დამსვით სავარძელზე, უსაფრთხოების წესების დარღვევით ვმოძრაობ-მეთქი, მაგრამ რეპლიკები მოდიოდა, ღვედი ხომ არ გაგიკეთოთ, ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთო… თუმცა მთელი გზის განმავლობაში მე მუხლებზე ვიდექი”, – ამბობს ძიძიგური და დასძენს, რომ ორივე იმ პოლიციელის ამოცნობა შეუძლია, ვინც მას ამცირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი