“იგრძნობოდა, რომ მას ყველაფერი ეპატიებოდა” – უგრეხელიძის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი

“ვერ აღვწერ, რა სტრესი გავიარეთ” – გვეუბნება საჯარო რეესტრის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბრობს თავისი ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხყოფის, შანტაჟისა და აგრესიული დამოკიდებულების შესახებ.

პაპუნა უგრეხელიძე საკუთარმა თანამშრომელმა ქალმა დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დაზარალებულს ხელთ აქვს ომბუდსმენის დასკვნა, რომელიც ამას ადასტურებს. პაპუნა უგრეხელიძემ ეს თანამშრომელი ანგარიშსწორების მცდელობაში დაადანაშაულა, ომბუდსმენის დასკვნას კი შეთითხნილი უწოდა.

თუმცა ქალი, რომელმაც ომბუდსმენს მიმართა, არ არის ერთადერთი, ვინც ამბობს, რომ უგრხელიძე მას შეურაცხყოფას აყენებდა. “ნეტგაზეთი” ესაუბრა საჯარო რეესტრის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ამბობს, რომ ომბუდსმენის დასკვნით დაზარალებულისთვის მხარდაჭერის გამო იძულებული გახდა, წამოსულიყო სამსახურიდან, სადაც არაერთი წლის განმავლობაში, უგრეხელიძის მოსვლამდეც, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ამბობს, რომ ამის გამო სხვა თანამშრომლებმაც დატოვეს სამსახური.

აღნიშნულმა ყოფილმა თანამშრომელმა საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა და განაცხადა, რომ არ სურს, კვლავ გახდეს სტრესის მსხვერპლი, შესაბამისად, “ნეტგაზეთი” მის კომენტარს კონფიდენციალურად გთავაზობთ. საპასუხო კომენტარის მოსაპოვებლად ჩვენ დავუკავშირდით საჯარო რეესტრს, სადაც განგვიცხადეს, რომ კონკრეტული თანამშრომლის სახელისა და გვარის გარეშე ვერ გვიპასუხებდნენ. თუ პაპუნა უგრეხელიძე პასუხის გაცემის სურვილს გამოთქვამს, “ნეტგაზეთი” მზად არის, რომ მას სივრცე დაუთმოს.

როგორც რეესტრის ყოფილი თანამშრომელი გვეუბნება, მისთვის “განსაკუთრებით გულსატკენი” იყო მინისტრის, თეა წულუკიანის რეაგირება დაზარალებულის მიმართვაზე.

“ქალბატონი თეა ყოველთვის გამოდიოდა, როგორც ქალთა უფლებების დამცველი, არაერთხელ აღნიშნავდა ამას და როდესაც [დაზარალებულმა] მიმართა თხოვნით, რეაგირების ნაცვლად მან კიდევ უფრო მეტი ზეწოლა გაიარა.

როგორც ის ამბობს, მისთვის საჯარო რეესტრი ოჯახივით იყო, რომელშიც მთელი ცხოვრება ჩადო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ რეფორმებზე, პასუხისმგებელმა პირებმა კი, მათ შორის მინისტრმა, მათი აგრესიისგან დაცვა ვერ შეძლეს:

“მე მასთან [უგრეხელიძესთან] ყველაზე ნაკლები პროტესტი მაქვს. პროტესტი მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელი, რომ შენ ვერ გიცავენ ასეთი დამოკიდებულებისგან. ქალბატონ თეას რომ თავის დროზე მოეხდინა რეაგირება, ასე ხომ არ გამწვავდებოდა სიტუაცია? ამ ადამიანსაც [უგრეხელიძესაც] ხომ არ ჩააგდებდა ასეთ მდგომარეობაში? არ მაქვს შურისძიების მომენტი, არც მიფიქრია, მაგრამ პროტესტი მაქვს იმ ადამიანებზე, რომ გამოდიან, შენს უფლებებს იცავენ, გელაპარაკებიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ამ დროს რეალურად ძალადობას ახალისებენ,” – განაცხადა რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა.

ჩვენთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ  ისეთი დამოკიდებულება იყო, თითქოს  უგრეხელიძეს ყველაფერი ეპატიებოდა:

“თავიდან, ვხვდებოდით, რომ მას არ ჰქონდა მარტივი ხასიათი, მაგრამ, ასე თუ ისე, რაღაც ფარგლებში ვარეგულირებდით თანამშრომლობას, მაგრამ ზუსტადაც ეს ხელშეუხებლობა ნახა, დამოკიდებულება, რომ მას ყველაფერი ეპატიებოდა. მე არ ვიტყვი, მაგრამ თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, ფაქტობრივად იგრძნობოდა, რომ ადამიანს ყველაფერი ეპატიებოდა და იყო მშვიდად. თუ ადამიანი გრძნობს, რომ ყველაფერი ეპატიება, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არ უნდა გააკეთოს, მაშინ, ავხსნათ ლოგიკურად – რატომ? მე ის არ მეპატია, რომ ღირსებასა და პრიციპებზე უარი არ ვთქვი. მე რომ პატრონი მყოლოდა, ჩამაგდებდნენ ასეთ მდგომრეობაში? არა მგონია, ვერც გამიბედავდნენ,” – განაცხადა მან.

თეა წულუკიანი და პაპუნა უგრეხელიძე. ფოტო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2017 წლის 22 ნოემბერი

რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ასევე გაიხსენა, თუ როგორ მოუხდა სამსახურის დატოვება განსხვავებული აზრის გამოთქმის და იმ თანამშრომლის მხარდაჭერის გამო, ვინც დისკრიმინაციასა და სექსუალური შევიწროების გამო ომბუდსმენს მიმართა.

“პრობლემები იმიტომ მქონდა და საერთოდ, პრობლემები იმიტომ გვქონდა, რომ მის ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებას, დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშანტაჟებას ღიად ვეწინააღმდეგებოდი და ღიად გამოვხატავდი ჩემს აზრს… ჩვენ მას (ქალს, რომელიც უგრეხელიძეს შევიწროებაში ადანაშაულებს) სხვებისგან განსხვავებით ღიად გამოვუცხადეთ თანადგომა… ძალიან დიდი დამცირება და სტრესი გაიარა. თამამად ვიტყვი, ჩვენ რომ მის გვერდით არ ვმდგარიყავით, არ ვიცი, დღეს შეიძლება ეს ადამიანი ცოცხალიც არ ყოფილიყო,” – გვითხრა მან.

მისივე თქმით, უგრეხელიძე ითხოვდა, რომ სხვა თანამშრომლებს მისი მხარე დაეჭირათ და წარმოეჩინათ, თითქოს თვითონ მართალი იყო და ეს იყო მხოლოდ იმ ქალის და მისი ოჯახის პრობლემას წარმოადგენდა, ვინც ომბუდსმენს მიმართა. როგორც ყოფილი თანამშრომელი გვეუბნება, ამაზე უგრეხელიძეს უარი უთხრა, რასაც მოჰყვა მისი თანამდებობრივი ჩამოქვეითება და სხვაგან გადაყვანა, რაზეც უარი განაცხადა და სამსახური საერთოდ დატოვა.

“არის რაღაცები, რაც, სიმართლე გითხრათ, მერიდება, რომ ვთქვა. ვერ მიხვდებოდი, ეს ადამიანი გემეგობრებოდა თუ მტერი იყო. ვერ მიხვდებოდი, როდის რას მიიღებდა სერიოზულად, ფამილარული იყო თუ არ იყო. საერთოდ ვერ ვხვდებოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, დაბნეულები, დასტრესილები ვიყავით და ბევრი მაღალი დონის სპეციალისტი წავიდა, გაიქცა.

ვთქვათ, რომ მოვიდოდა და შემაქებდა, მაშინაც კი შეურაცხყოფას მაყენებდა. როდესაც ნახავდა, რომ წარმატებული იყავი, უნდა დაემცირებინე, რომ შენ ხარ უჭკუო.

მამაკაცებსაც ამცირებდა, თუმცა ჩვენ უფრო მეტად იმიტომ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ხოლმე, განსაკუთრებით, როდესაც სხვის დაჩაგვრას გვთხოვდა. იყო მომენტები, როდესაც გაქებდა, თუმცა ისეთი არაადეკვატური იყო, ვწუხდებოდი, როდესაც შეგაქებდა ხოლმე. მიმიღია შექება არა მარტო მისგან, ქალბატონ თეა წულუკიანისგანაც, სხვადასხვა პროექტებიდან გამომდინარე. მაგრამ რომ შეგაქებდა, აუცილებლად ვიცოდი, რომ მერე რამე ისეთს დაგაბრალებდა ან მოიგონებდა, რომელიც უბრალოდ ბუნებაში არ იყო. იყვნენ ადამიანები, რომელთაც მორჩილად შეეძლოთ ყველა შეურაცხყოფა მიეღოთ, ვინც ასეთი მორჩილები იყვნენ, მათ მთელი რეგალიები ჰქონდათ ხოლმე,” – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას რეესტრის ყოფილი თანამშრომელი.

მისივე თქმით, პაპუნა უგრეხელიძე თანაშრომლებს ისე ექცეოდა, როგორც საკუთრებას:

“ის თვლიდა, რომ მან გვაჩუქა თანამდებობა… რომ ჩვენ ვიყავით მასთან ვალში და მას აბსოლუტურად არ ჰქონდა გათავისებული, რომ იყო საჯარო მოხელე, მუშაობდა საჯარო სამსახურში, რომ ეს მემკვიდრეობით კი არ გადაეცემა და საჩუქარი კი არ არის… ის თვლიდა, რომ ეს იყო მისი საკუთრება, ეს არაერთხელ დაუფიქსირებია და ჩვენ ასევე მისი საკუთრება ვიყავით,” – გვითხრა მან.

მისივე თქმით, თავის დროზე ვერც წარმოედგინა, რომ სამსახურის გარეშე ყოფნა შეეძლო, თუმცა რეესტრში მუშაობისას იმდენად დიდი სტრესი მიიღო, რომ სხვაგან მუშაობაზე ჯერ არც უფიქრია.

“მინდა, ეს იყოს მაგალითი ყველასთვის, რომ საჯარო სამსახურებში ადამიანებს, რომლებმაც წლები იმუშავეს, სცენ პატივი და ხელი კი არ შეუშალონ, ხელი შეუწყონ,”- გვეუბნება ყოფილი თანამშრომელი.


პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში სდებს ბრალს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში გამოიხატებოდა. სახალხო დამცველმა ამ საქმეზე დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ [დაზარალებულის] მიმართ, ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”.

მას შემდეგ, რაც დასკვნის შესახებ მედიითაც გახდა ცნობილი და უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლმა კონფიდენციალურად ისაუბრა მედიასთან, უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა.

პაპუნა უგრეხელიძე ანგარიშსწორების მცდელობას უწოდებს ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა მასზე შური იძია, რადგან მანამდე მისი ქმარი გაათავისუფლა საჯარო რეესტრში დაკავებული სამსახურიდან.

“ყოფილი თანამშრომელი] კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე „შევიწროების“ არგუმენტის დამატება ურჩია,” – აღნიშნა უგრეხელიძემ თავის განცხადებაში.

უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ თუ პაპუნა უგრეხელიძე სასამართლოს მიმართავს, ამას მიესალმება და ერთმანეთს სასამართლოში შეხვდებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი