ახალი ამბები

უგრეხელიძის საქმე – დაზარალებული ამბობს, რომ თეა წულუკიანმა ყველაფერი იცოდა

26 მარტი, 2018 •
უგრეხელიძის საქმე –  დაზარალებული ამბობს, რომ თეა წულუკიანმა ყველაფერი იცოდა
ქალი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძძვანელს, პაპუნა უგრეხელიძეს დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრმა ყველაფერი იცოდა და საქმის კურსში იყო, მათ შორის, სახალხო დამცველის დასკვნის შესახებაც.

პაპუნა უგრეხელიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს, 26 მარტს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ  უგრეხელიძეზე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, მან როგორც ქალმა მინისტრმა ამ უკანასკნელს უნდა მოუსმინოს.

“მინისტრის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით განვმარტავ, რომ სანამ სახალხო დამცველის დასკვნა დაიდებოდა, ის ინფორმირებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით თავიდანვე, როცა მე მივმართე სახალხო დამცველს. და მისი პირველი რეაგირება გახლდათ ის, რომ 24 ოქტომბერს მინისტრმა ჩემს მაშინდელ ხელმძღვანელს მოსთხოვა, რომ ჩამოვეშორებინე ღონისძიებას, რომელიც მეორე დღეს იმართებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში უგრეხელიძე არ დაესწრებოდა ღონისძიებას და არც თანამშრომლებს არ გამოუშვებდა, რადგან მე მას ვუჩივლე სახალხო დამცველთან.და ეს პრაქტიკა ბოლომდე გაგრძელდა, ხოლო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მე პირადად გავუგზავნე ქალბატონ მინისტრს ელექტრონული ფოსტით აღნიშნიშნული დოკუმენტი, რაზეც მისი რეაგირება გახლდათ, რომ ეს უბრალოდ იყო ვერბალური შევიწროვება და მერე რა მოხდა, შეიმუშავებდნენ ქცევის წესებს, რაც რეკომენდაციაში იყო მითითებული.

რაც მთავარია, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმაზე, რომ თუ როგორ გავბედე და გავუგზავნე ეს დასკვნა თანამშრომლებს. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ მას ოფიციალურად არ ჩაბარებია ომბუცმენისგან დასკვნა, პროცედურულად დასკვნა ეგზავნება მოპასუხეს და გამცხადებელს, ხოლო უგრეხელიძე ვალდებული იყო ეცნობებინა მისი ზემდგომი და თუ ეს არ გააკეთა და დამალა, ესეც დანაშაულია”- განაცხადა დაზარალებულმა.

სახალხო დამცველმა მის საქმეზე დაადგინა, “პაპუნა უგრეხელიძემ, [დაზარალებულის] მამართ, ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”.

დაზარალებული ასევე ამბობს, რომ თავად მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს

ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მსხვერპლმა “დევდარიანის ქეისის” შემდეგ მედიასთან საუბარი გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა. საჯარო რეესტრის პრესსამსახურში  “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ უგრეხელიძე აშშ-ში იმყოფება საქართველოში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს განცხადებას.

საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით ირკვევა, რომ პაპუნა უგრეხელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს სამუშაო ვიზიტი 19-23 მარტს ეწვევა . დღეს 26 მარტია, საჯარო რეესტრში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ უგრეხელიძე საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი