“ჩემ წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა, ეს ნაკლებად მაღლევებს. მთავარია, რომ მიდის ქართული ჯარის დისკრედიტაციისკენ მიზანმიმართული კამპანია. დავიწყებ მაისის მოვლენებით, როდესაც ჩვენი ჯარის დისკრედიტაცია და ნატოში ჩვენი გაწევრიანების დისკრედიტაცია დაიწყეს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ მოვლენებს, გამოძიება მიმდინარეობს. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არის ეჭვი, რომ შეიძლება საბოტაჟთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ მოვლენებს არ დავასწრებ, უახლოეს პერიოდში გამოძიება დასრულდება. ნაწილი გამოძიებული საქმის უკვე გავაგზავნეთ გენერალურ პროკურატურაში და ნაწილს ჩვენ თვითონ ვიძიებთ”– გაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ახლად რესტავრირებული ტაძრის გახსნაზე გააკეთა. ირაკლი ალასანიას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ არის მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმების ან ჯარის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიის ავტორი.
შეგახსენებთ, რომ ჯარისკაცების მოწამვლის თემაზე შეკითხვა საქართველოს პრემიერ– მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ბეჭდურ–მედიისა და რადიო მაუწყებლობების წარმომადგენლების შეხვედრისას დაუსვეს. მან განაცხადა, რომ აღნიშნული თემით დაინტერესდება და ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს საიდუმლო გრიფი არ უნდა ედოს.
გუშინ, 18 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, 2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეის ფაქტი დაფიქსირდა. ამ შემთხვევების შედეგად 91 სამხედრო გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით.
განცხადებაში ასევე განმარტებულია, თუ რატომ მიენიჭა ამ საქმეს საიდუმლო გრიფი. სამინისტროს განცხადებით, რადგან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტების დისლოკაციის, სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ კრებსითი მონაცემების და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული სხვა სახის ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, მითითებული საქმის მასალების ნაწილს, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მიენიჭა გრიფი „საიდუმლო“.