ახალი ამბები

მერაბიშვილი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება

17 ოქტომბერი, 2013 • • 1165
მერაბიშვილი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროკურატურამ დასაკითხი მოწმეების სია დაცვის მხარეს დაგვიანებით გადასცა, რის გამოც დაცვის მხარე სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვს. 

 

“წინა სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ დადო პირობა, მოსამართლემაც მოგვცა გარანტია, რომ დღევანდელი სხდომისთვის იმ 4 000 დასაკითხი მოწმიდან პროკურატურა გონივრულ რაოდენობას გონივრულ ვადებში, ორი დღით ადრე მაინც გვცოდნოდა, ვინ არის დღეს დასაკითხი, რომ როგორც შეჯიბრობითობის პრინციპი მოითხოვს, სასამართლოში ჩვენ შევძლოთ მომზადება და ჩვენი თავის სრულფასოვნად დაცვა. სამწუხაროდ, ვართ მოუმზადებლები.”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

ჭიაბერაშვილის თქმით, პროკურატურამ გუშინ, გვიან ღამით გადასცა დაცვის მხარეს დასაკითხი მოწმეების შვიდკაციანი სია, რის გამოც ადვოკატებმა ვერ მოასწრეს შეთანხმება. 

 

ვანო მერაბიშვილმა “ფეისბუქის” საშუალებით გაავრცელა განცხადება. 

“პროკურატურას წარმოდგენილი ჰყავს მოწმეთა 3969 კაციანი სია, რაც უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ვერც ერთი ადვოკატი ვერ შეძლებს ზეპირად დაიმახსოვროს 3969 კაცის არა მხოლოდ ჩვენება, სახელები და გვარებიც კი. იმისათვის, რომ მე მქონდეს ეფექტური დაცვის უფლება, აუცილებელია, რომ ჩემს ადვოკატებს წინასწარ ჰქონდეთ მომდევნო პროცესზე გამოსაძახებელი მოწმეების სია. ამ მარტივ ჭეშმარიტებას წინა სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა პროკურატურა და დაეთანხმეთ თქვენც. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ არ შეასრულა პირობა და არ გადმოგვცა მოწმეთა სია. ამიტომ, მე ვაცხადებ პროტესტს და უარს ვამბობ, დავესწრო ამ სასამართლო სხდომას. ამ პროტესტით მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ მრავალრიცხოვან უხეშ კანონდარღვევებზე, რითაც პროკურატურა წარმართავს ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს,”- წერია განცხადებაში. 

 

პროკურორ ნათია სონღულაშვილის თქმით, დასაკითხი მოწმეების სია დაცვის მხარეს არა გვიან რამით, არამედ საღამოს ხუთ საათზე გადასცეს. მისივე განმარტებით, ის მანამდეც ურეკვადა დაცვის მხარეს, თუმცა არ უპასუხეს. 

 

“მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისიწინებს მხარის დავალდებულებას, წინასწარ შეატყობინოს მეორე მხარეს დასაკითხი მოწმეების ვინაობა. ჩვენ, როგორც პროცესზე განვაცხადეთ, გამოვიჩინეთ კეთილი ნება, ჩვენი პირობა ნამდვილად შევასრულეთ. მე თვითონ ვესაუბრე დამცველ ადვოკატს გიორგი ჩივიაშვილს, ჩავაწერინე ყველა იმ მოწმის ვინაობა, ვის დაკითხვას დღეს ვაპირებთ,’- განაცხადა ნათია სონღულაშვილმა. 

 

დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულია დაზარალებული აგარაკის საქმეზე, დაზარალებული კომპანიიის წარმომადგენელი, მოწმე ეგრეთ წოდებული ამომრჩევლთა მოსყიდვის საქმეზე, ფინანსთა სამინისტროს, როგორც დაზარალებული მხარის, წამრმადგენელი. მოწმის სახითაა გამოძახებული ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი და გამოძახებულია აუდიტის სამსახურიდან ის პირი, რომელმაც უშუალოდ შეადგინა დასკვნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობის” სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა განხორციელდა. ასევე გამოძახებული არიან ბენეფიციარები. 

 

სასამართლო სხდომას გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ესწრებიან. 

 

ქუთასის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
 
 
საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.
 
 
მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ასევე ფიგურირებს მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება მის მოღვაწეობას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეხება კერძო საკუთრების – კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისებას მაშინდელი შს მინისტრის მიერ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი