ახალი ამბები

“კარს მიღმა” – ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების თარგმანები ქართულიდან ინგლისურად

27 მარტი, 2018 • 2752
“კარს მიღმა” – ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების თარგმანები ქართულიდან ინგლისურად

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის კურსის სტუდენტების თარგმანები წიგნად გამოიცა. ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გოდერძი ჩოხელისა და აკა მორჩილაძის მოთხრობებსა და პიესებზე ისინი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. საბოლოოდ, თარგმანები ქართულიდან ინგლისურად კრებულში, “კარს მიღმა”, გაერთიანდნენ. წიგნის პრეზენტაცია 26 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პროცესში მონაწილე სტუდენტებს შორის ჯეფრი გოსბიცაა, რომელმაც ქართული ენის შესწავლა 14 წლის წინ დაიწყო, ქართულიდან ინგლისურად კი აკა მორჩილაძის პიესა “დამდნარი შოკოლადის სადგური” თარგმნა. როგორც თავად ამბობს, პიესაშიც და ქართულ ენაშიც მისი ყურადღება დაფარულმა დეტალებმა მიიქცია, რამაც სწავლისა და თარგმნის პროცესი მეტად საინტერესო გახადა:

“თარგმნის პროცესში რამდენიმე ეტაპი გავიარე. რამდენჯერმე მომიხდა ნამუშევარზე გადახედვა და ყოველ ჯერზე ახალ ინტერპრეტაციას ვპოულობდი; ახალ ფრაზებს ვამჩენვდი, რომელიც მანამდე ბევრს არაფერს ნიშნავდა ჩემთვის, თუმცა შემდეგ ვაანალიზებდი მათ შინაარსს. ძალიან მომწონს ასეთი ტექსტები, რომლებიც დამალულ თემებს მოიცავს და თავად გვიწევს ფიქრი, რას შეიძლება ნიშნავდნენ ისინი.

რაც შეეხება ქართულ ენას: ქართული ანბანი ერთ წიგნში მქონდა ნანახი, რომელიც უცნაურიც იყო და ლამაზიც. მანამდე უფრო დიდი ენების სწავლა მინდოდა, მაგრამ როცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ენების ცენტრში მივედი და ვნახე ადამიანი, რომელიც ქართულ ენას ასწავლიდა, ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. ამ ენაში არის ერთგვარი დამალული კულტურა, რომელიც ძალიან შემიყვარდა”.

კურსის ხელმძღვანელი ლია ჩოკოშვილია, რომელიც 20 წელზე მეტია, ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართულ ენას ასწავლის. სტუდენტებთან ერთად თარგმანებზე მუშაობა მან 2015 წელს დაიწყო. თავდაპირველად ყურადღება პიესებზე გამახვილდა, თუმცა სტუდენტების მოთხოვნით, მათ პედაგოგის მიერ შერჩეული ქართული მოთხრობების თარგმნის საშუალებაც მიეცათ.

“იდეა ლონდონის აღმოსავლეთში, პატარა კაფეში დაიბადა. ქალაქის ნაციონალური თეატრის პროდიუსერმა აქ მომაწოდა პიესების თარგმნის ინიციატივა. მითხრა, რომ ინგლისელი მკითხველი და მაყურებელი ქართული პიესებით დიდად განებივრებული არ იყო. სტუდენტებთან ერთად დავიწყეთ ლაშა თაბუკაშვილი პიესის – “ათვინიერებენ მიმინოს” -თარგმნა, რომელსაც 1 წელი მოვანდომეთ, თუმცა ეს დრო ბოლომდე საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომაც, სტუდენტებთან კლასგარეშეც ვმუშაობდი.

შემდეგ, დრომ მოიტანა ის, რომ [სტუდენტებმა] მოითხოვეს მოთხრობები, რომლებიც თავად ავარჩიე. პროექტში ჩავრთე ყველა მწერალი, ასევე გარდაცვლილი მწერლე ბისოჯახის წევრი. სტუდენტებმა იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად შეეძლოთ მათთან კონტაქტი და კითხვების დასმა.

როცა წიგნის გამოცემა გადაწყდა, გადავწყვიტე, ის ორ ქვეყანას შორის ერთგვარ ხიდად მექცია”, –  უთხრა ლია ჩოკოშვილმა “ნეტგაზეთს”.

თბილისის შემდეგ, ივნისში, წიგნის პრეზენტაცია ლონდონში იგეგმება. კრებულის სწორედ დიდ ბრიტანეთში გაიგზავნება, ნახევარი კი – საქართველოში გაიყიდება.

უკვე დაწყებულია მუშაობა მეორე გამოცემაზეც, რომელშიც სხვა მწერლებთან ერთად სულხან-საბა ორბელიანის იგავებიც გაერთიანდება. 26 მარტს წარდგენილი კრებულის გაყიდვიდან შემოსული თანხა სწორედ მეორე გამოცემის დაბეჭდვას მოხმარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი