ახალი ამბები

საია: პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ რამდენიმე პირი სდებს ბრალს

24 მარტი, 2018 • 6694
საია: პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ რამდენიმე პირი სდებს ბრალს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროვების შესახებ ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი დღეს გახდა. როგორც ირკვევა,  ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნული ფაქტი შეისწავლა და დისკრიმინაცია დაადგინა. თუმცა,  როგორც საია-ს იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ ნეტგაზეთს უთხრა, უგრეხელიძეს იმავე ბრალდებებს კიდევ რამდენიმე პირი უყენებს. მან ამ თემაზე თავდაპირველად “რუსთავი 2”-თან ისაუბრა. “ნეტგაზეთი” სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა საიას. 

ჩვენ გვაქვს სხვა საქმეც, სადაც ასევე საუბარია ამავე პირის მიერ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროვებაზე და ჩვენ ვდაობთ საქმეში დისკრიმინაციის დადგენას სხვა მოთხოვნებთან ერთად.

დიახ, ერთი საქმეა, რომელიც კიდევ რამდენიმე პირს ეხება. ამ საქმეში, რომელიც ამჟამად არის მიმდინარე, ვითხოვთ დისკრიმინაციის დადგენას სქესის ნიშნით და ვამბობთ, რომ ადგილი ჰქონდა შევიწროვებას ამ შემთხვევაშიც,” – განმარტავს ნონა ქურდოვანიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული დავა სასასამრთლოში რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა, ეს ბრალდებები პერიოდის მიხედვით (2016 წლის ბოლო) იმ ბრალდებას ემთხვევა , რომელიც დღეს გახდა ცნობილი და რომელზეც სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია 2017 წლის გაზაფხულზე დაადგინა. იურისტის განმარტებით, როგორც წინა შემთხვევაშიც, ამ საქმეშიც პირები საჯარო რეესტრში მუშაობდნენ. 

რაც შეეხება დღეს გახმაურებულ საქმეს, ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ამ საქმის შესახებაც საიამ სახალხო დამცველისთვის მიმართვის დღიდან იცის.

“ჩვენს ამ საქმის შესახებ ვიცოდით იმ დროიდან, როცა მოხდა სახალხო დამცველისთვის მიმართვა, იმიტომ, რომ ჩვენთან იმყოფებოდა  მსხვერპლი და ჩვენ მას სამართლებრივ კონსულტაციებს ვუწევდით. უბრალოდ, მისი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ამაზე საჯაროდ არ გვესაუბრა და , ცხადია, დავთანხმდით, რომ  მისი გადაწყვეტილებისამებრ ვიმოქმედებდით,”- განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისივე თქმით, როდესაც საია საქმეს გაეცნო, “იმდენად ნათელი იყო, რომ იკვეთებოდა სექსუალური შევიწროვება, არ მოველოდით სხვაგვარ გადაწყვეტილებას, გარდა იმისა,  რომელიც მიიღო სახალხო დამცველმა მიიღო.”

საია საერთაშორისო მექანიზმების ჩართვაზე ფიქრობს:

“სახალხო დამცველს ჰქონდა რეკომენდაციები, რომელიც შესრულდა თუ არა, ამაზე ინფორმაცია მე სამწუხაროდ არ მაქვს. რაც შეეხება ამ საქმის გაგრძელებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მექანიზმი დღეისათვის ჩვენს კანონმდებლობაში გვხვდება, არ არის საკმარისი, რომ მსხვერპლის უფლებები ეფექტურად იყოს დაცული, ამიტომ ჩვენ ამ საქმის გასაჩივრებაზე ვფიქრობთ  საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით. ამაზე დეტალურად მოგვიანებით გვექნება შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ,” – განმარტავს ნონა ქურდოვანიძე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ფაქტი ომბუდსმენის აპარატმა 2017 წლის გაზაფხულზე შეისწავლა და დისკრიმინაცია დაადგინა.

ამ დრომდე ამ ფაქტის შესახებ ცნობილი არ იყო, თავად დოკუმენტი კი გასაიდუმლოებულია.

ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსხვერპლმა “დევდარიანის ქეისის” შემდეგ მედიასთან საუბარი გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა.

ის რომ  სახალხო დამსცევლის ოფისმა ამ თემაზე “დისკრიმინაცია” დაადგინა, “ნეტგაზეთს” წინა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა დაუდასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი