ახალი ამბები

უგრეხელიძეს სექსუალური შევიწროება დავუდგინეთ, სასამართლოს ამაზე არ უმსჯელია — ომბუდსმენი

20 აგვისტო, 2019 • 2646
უგრეხელიძეს სექსუალური შევიწროება დავუდგინეთ, სასამართლოს ამაზე არ უმსჯელია — ომბუდსმენი

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დადგენილი აქვს საჯარო რეესტრის სააგენტოს ყოფილი უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან თანამშრომლის შევიწროების ფაქტი; ინსტიტუტის თანახმადვე, სასამართლოს არ უმსჯელია სახალხო დამცველის ამ გადაწყვეტილებაზე და, შესაბამისად, უგრეხელიძე საჯაროდ არასწორად ინტერპრეტირებს სასამართლოს გადაწყვეტილებას;

საქმის დეტალები ასეთია: 2018 წლის მარტში საჯარო რეესტრის სააგენტოს მაშინდელ უფროსს, პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილმა თანამშრომელმა, ეკატერინე მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ დასდო ბრალი. უგრეხელიძემ ამას „ანგარიშსწორების მცდელობა“ უწოდა მესხიძის ქმრის სამსახურიდან გაშვების გამო. მან მესხიძეს სასამართლოში უჩივლა და ტელეეთერით გავრცელებული ცნობების უარყოფა მოსთხოვა.

2019 წლის 9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგრეხელიძის მოთხოვნების ნაწილი დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, — ორგანიზაციაში, რომელიც მესხიძის ინტერესებს იცავს, — ამბობენ, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, შეავიწროვა თუ არა სექსუალურად უგრეხელიძემ მესხიძე სამუშაო ადგილზე;

19 აგვისტოს სახალხო დამცველმაც მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა. ეს განცხადება მოჰყვა უგრეხელიძის ინტერვიუს გამოქვეყნებას ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემაში, სადაც უგრეხელიძე მის წინააღმდეგ ბრალდებასა და გამოხმაურებებს უწოდებს „შეხმატკბილებულ, დაგეგმილ, გამიზნულ, ბინძურ კამპანიას“. ამასთან, მედიაში გავრცელდა ცნობები, თითქოს უგრეხელიძე უდანაშაულოდ ცნეს სექსუალურ შევიწროებაში.

სახალხო დამცველი წერს, რომ 2017 წლის 3 მაისს დაადგინა პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ეკა მესხიძის მიმართ სქესის ნიშნით შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ფაქტი. „განსახილველ შემთხვევას სახალხო დამცველი 8 თვის მანძილზე სწავლობდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მასალებს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვისას, მოპასუხეს მტკიცებულებების ნამდვილობა არცერთ ეტაპზე არ დაუყენებია ეჭვქვეშ“, — წერს სახალხო დამცველი.

სასამართლოს 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სახალხო დამცველი წერს: „დავის საგანს არ წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან, მის ნაწილთან ან სახალხო დამცველის მანდატთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს არ გადასცემია. როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა, საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველი გააკეთებს შესაბამის განმარტებას. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დადგა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, მისი ნაწილი ან ინსტიტუტის მანდატი“.

სახალხო დამცველი ასევე ამახვილებს ყურადღებას მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკაზე და წერს, რომ ეს პრაქტიკა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „კომპეტენტური ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია, უარყოფითად აისახება საქართველოში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე“ და „მსხვერპლებში აჩენს უსამართლობის განცდას და ქმნის დამატებით ბარიერებს საკუთარი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად“.

ვრცლად პაპუნა უგრეხელიძის საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი