ახალი ამბები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ

24 მარტი, 2018 • 3994
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ

ცნობილი ხდება რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ფაქტი ომბუდსმენის აპარატმა 2017 წლის გაზაფხულზე შეისწავლა და დისკრიმინაცია დაადგინა.

ამ დრომდე ამ ფაქტის შესახებ ცნობილი არ იყო, თავად დოკუმენტი კი გასაიდუმლოებულია.

ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსხვერპლმა “დევდარიანის ქეისის” შემდეგ მედიასთან საუბარი გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა.

ის რომ  სახალხო დამსცევლის ოფისმა ამ თემაზე “დისკრიმინაცია” დაადგინა, “ნეტგაზეთს” წინა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა დაუდასტურა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ომბუდსმენის ოფისს, სადაც თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს ქეთი შუბაშვილს ესაუბრა. ომბუდსმენის ოფისი ვრცელ კომენტარს არ ავრცელებს, რადგან საქმე ეხება პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატმა თავის დროზეც არ გაასაჯაროვა ინფორმაცია.

“იყო ნამდვილად ერთ-ერთი ფაქტი, რომელზეც დავადგინეთ სექსუალური შევიწროვება, დასაქმების ადგილას და მივმართეთ რეკომენდაციით . სექსუალური შევიწროვება განიხილა, სახალხო დამცველმა, როგორც შევიწროვების ერთ-ერთი ფორმა”

შუბაშვილის თქმით, ამ ფაქტზე დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ რეკომენდაციით მიმართეს თავად “შემვიწროვებელს” და მოუწოდეს ასევე უწყებას შეემუშავებინა ეფექტური ღონისძიებები უწყებაში სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ. შუბაშვილი განმატავს, რომ რეკომდაციით არ მიუმართავთ არც ერთი სხვა უწყებისთვის, რათა არ მომხდარიყო დაზარალებულის იდენტიფიცირება.

ცნობილი ხდება, რომ ქალმა, რომელმაც განცხადებით მიმართა  ომბუდსმენის ოფისს, მიმართვის დროს საჯარო რეესტრში უკვე აღარ მუშაობდა და მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამსახური დატოვა, სწორედ სექსუალური შევიწროვება იყო.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა.

ამ დრომდე “ნეტგაზეთი” პაპუნა უგრეხელიძეს ვერ უკავშირდება. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში კი  “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ უგრეხელიძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავად გააკეთებს ამ თემაზე განცხადებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი