ახალი ამბები

შოთაძე: ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება

23 მარტი, 2018 • 1773
შოთაძე: ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება

საქართველოს მთავარო პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება გამოძიება. ამის შესახებ მან წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად. სამხარაულის ექსპერტიზა იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება. მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდება ექსპერტიზა, მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ექსპერტიზის საჭიროების შესახებ,” – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ოჯახში გუშინ გადაასვენეს. მისი ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს. მას ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა თითქმის ერთი თვე გაჭიანურდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

ოსური მხარის ცნობით, “რუსულმა დამოუკიდებელებმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა, და გარდა ამისა, მას ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი. ასევე, მის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე აღინიშნება იარები და ჩალურჯებები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მიყენებულ მსუბუქ დაზიანებად კვალიფიცირდება”

მასალების გადაბეჭდვის წესი