ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ექსპერტიზის წინასწარი მონაცემით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალია

21 მარტი, 2018 •
ექსპერტიზის წინასწარი მონაცემით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალია

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

“არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, 2018 წლის 20 -21 მარტს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ბატონი ირაკლი თოიძე, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად.

წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე. ცენტრის „ემპათია“  ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ – კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ – შედეგობრივი კავშირი”, – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამატებით დეტალებზე ცენტრში არ საუბრობენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გუშინ, 20 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ამ დრომდე ტატუნაშვილი ცხედარი ქართული მხარისთვის არ იყო გადმოცემული. ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თითქმის ერთთვიანი დაგვიანება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ცხედარზე ექსპერტიზას ძალადობის კვალი არ აღმოეჩინა.

ოსური მხარის ცნობითვე, “რუსულმა დამოუკიდებელებმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა, და გარდა ამისა, მას ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი. ასევე, მის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე აღინიშნება იარები და ჩალურჯებები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მიყენებულ მსუბუქ დაზიანებად კვალიფიცირდება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი