ახალი ამბები

წულუკიანი ბაქრაძეს ურჩევს, პარტია უწყებათშორისი საბჭოს მუშაობის ფარგლებში დააბრუნოს

12 ოქტომბერი, 2013 •
წულუკიანი ბაქრაძეს ურჩევს, პარტია უწყებათშორისი საბჭოს მუშაობის ფარგლებში დააბრუნოს

“ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორის საბჭოდან გასვლით აზიანებს საკუთარ კანდიდატს და აზიანებს იმ ამომრჩველს, რომელიც შეიძლება მხარს უჭერდეს დავით ბაქრაძეს. ამიტომ, პირველ რიგში, მინდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ვურჩიო, რომ ეს მდგომარეობა რაც  შეიძლება მალე გამოასწოროს და დააბრუნოს თავისი პარტია იქ, სადაც ჩვენ ვიხილავთ კანდიდატებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავაბაროთ წარსულს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის  დროს არსებული ფასადის, ბოიკოტის და წუწუნის კულტურა და ამ ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ მუშაობის კულტურა”-განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ოქტომბერს გამართული უწყებათაშორისი სხდომის დროს ინციდენტი მოხდა თეა წულიკიანსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს თინა ბოკუჩავას შორის. ბოკუჩავამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა მას მატყუარა უწოდა და თქვა, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიუკერძოებელ ორგანოდ განხილვა შეუძლებელია, როცა მისი თავმჯდომარე თეა წულუკიანი აღიარებს, რომ ოპონენტი ძალის განადგურება მისი მიზანია.

 

შელაპარაკება წულუკიანსა და ბოკუჩავას შორის ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი საჩივარის განხილვის დროს მოხდა. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, სატრანსპორტო კომპანიამ უარი უთხრა მომსახურებაზე, “ნაციონალური მოძრაობის”  პარტიული ყრილობის დროს. თეა წულუკიანის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” საბოტაჟის რეჟიმში მუშაობს, რადგან პარტიის ყრილობის შესახებ ინფორმაცია კომისიამ ღამის საათებში მიიღო. წულუკიანის განცხადებით, ისინი არ თანამშრომლობენ უწყებათაშორის კომისიასთან.

 

მოგვიანებით პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  სრულიად აზრს მოკლებულია და შეურაცმყოფელია პარტიის წარმომადგენლის კომისიის სხდომებზე დასწრება, რომლის მიზანი, მისივე თავმჯდომარის თქმით, პარტიის განადგურება და დევნაა:

 

“მიუხედავად აღნიშნულისა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაინც განაგრძობს როგორც კომისიის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა დარღვევების შესახებ წერილობით ინფორმირებას”.- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი