ახალი ამბები

15 000-დან ნახევარ მილიონამდე – საყდრისის საბადოსთან 16 ჰა მიწაზე აუქციონი გრძელდება

20 მარტი, 2018 • 2598
15 000-დან ნახევარ მილიონამდე – საყდრისის საბადოსთან 16 ჰა მიწაზე აუქციონი გრძელდება

საყდრისის საბადოს მიმდებარე 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს.  RMG გოლდის გარდა, აუქციონში მონაწილეობას “დმანისის გადარჩენის ფონდი” იღებს, რომელიც 14-მდე პოლიტიკური პარტიისგან შედგება. ტერიტორიის იჯარით განკარგვის უფლების მოპოვებაზე აუქციონის საწყისი ღირებუელბა 15 000 ლარი იყო, თუმცა ამ დროისთვის (18:00 საათი), მისი ფასი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.

როგორც პოლიტიკური პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, “დმანისის გადარჩენის ფონდის” გარდა აუქციონში  კიდევ ორი დაინტერესებული პირი მონაწილეობს. ერთი კომპანია RMG-ა, მეორე კი, სავარაუდოდ, მასთან დაკავშირებული კომპანიაა.

ვაშაძის თქმით, “დმანისის გადარჩენის ფონდი” ტერიტორიას არ დათმობს და მათი მიზანია, საბოლოო ფასი დააფიქსირონ. შემდგომში რას გააკეთებენ, აუქციონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტენ.

თუ გამარჯვებული მხარე აუქციონის ბოლოს დაფიქსირებულ თანხას არ გადაიხდის, მას საგარანტიო თნხის, 3 750 ლარის გადახდა მოუწევს.

საყდრისის კომიტეტში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ნაკვეთი  მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს მომპოვებელი კომპანია “არემჯი გოლდი”  სამთო სამუშაოებს აწარმოებს, რაც მათი თქმით,  ცხადყოფს, რომ აუქციონს მხოლოდ ერთი მონაწილე ეყოლება.

მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე  “არ ემ ჯი გოლდი”  ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, საყდრისის კომიტეტის წევრები ამბობდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის თუნდაც ერთი ჰექტრით გაფართოება დაბინძურების ახალი წყაროს გაჩენასა და კიდევ უფრო მეტ დაავადებულ ადამიანს ნიშნავს და აუქციონის გაუქმებას მოითხოვდნენ.

იმისათვის, რომ ტერიტორიის იჯარით განკარგვის უფლება RMG-ს არ მოეპოვებინა, პოლიტიკური პარტიები “დმანისის გადარჩენის ფონდის” ფარგლებში გაერთიანდნენ და აუქციონში ჩაერთვნენ.

ამის საპასუხოდ, კომპანიაში ამბობდნენ, რომ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია ამ ეტაპზე არავითარ სამუშოებს არ აწარმოებს და ეს ფართი ფუჭი ქანების განსათავსებლად სჭირდება.

მოკლედ საყდრისის შესახებ

კომპანია “არ ემ ჯიმ” 2013 წლის 26 აპრილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არა ოქროს, არამედ სპილენძის მომპოვებელი მაღარო იყო და მის მიმართ გეოლოგებსა და არქეოლოგებს ცალსახა დამოკიდებულება არ ჰქონდათ.

2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმ მოტივით, რომ მას კანონის დარღვევით ჰქონდა ძეგლის სტატუსი მინიჭებული.

2014 წლის მარტში კულტურის სამინისტრომ მისცა “არ ემ ჯის” ამ ადგილას სამუშაოების წარმოების უფლება. ანგარიშში, რომელსაც სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ მოაწერა ხელი, აღნიშნულია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. სააგენტოს მიაჩნია, რომ ირინე ღამბაშიძისა და თომას შტოლნერის მიერ ჩატარებული კვლევების დოკუმენტაცია არ არის სარწმუნო, რადგან პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოძიება, მისი მოპოვება წარმოუდგენელი იყო.

საყდრისის საკითხი პოლიტიზებული იმითაც გახდა, რომ მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო, რომელიც უკვე აღარ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილმა 2014 წლის 18 მარტს იმედის ეთერით განაცხადა, რომ ოდიშარია სუსტი კულტურის მინისტრი იყო, რომელსაც გადაწყვეტის დროულობა აკლდა. ივანიშვილის შემდეგი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი