ახალი ამბები

საყდრისის კომიტეტი ოქროს საბადოს მიმდებარედ 16 ჰა მიწაზე აუქციონის გაუქმებას ითხოვს

14 მარტი, 2018 • 2907
საყდრისის კომიტეტი ოქროს საბადოს მიმდებარედ 16 ჰა მიწაზე აუქციონის გაუქმებას ითხოვს

“საყდრისის კომიტეტი” ეკონომიკის სამინისტროს, დმანისში, საყდრისის მაღაროს მიმდებარედ, 16 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე აუქციონის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული ტერიტორია გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზეა გამოტანილი.

საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაკვეთი  მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს მომპოვებელი კომპანია “არემჯი გოლდი”  სამთო სამუშაოებს აწარმოებს, რაც მათი თქმით,  ცხადყოფს, რომ აუქციონს მხოლოდ ერთი მონაწილე ეყოლება:

“ჩვენს ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ კომპანია “არემჯი გოლდმა” ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს მიმართა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გადაცემა მოითხოვა, რასაც 2018 წლის 26 იანვარს ქონების  მართვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სასწრაფო წესით მოჰყვა ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსით დარეგისტრირება და აუქციონზე გამოტანა. საყურადღებოა ასევე აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის იჯარის დაბალი ღირებულება – 15 000 ლარი”, – ამბობენ საყდრისის კომიტეტში.

საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, რომ  ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს კიდევ ერთი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის პრივატიზებას  “არემჯი გოლდი” ასევე სთხოვდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების  სამინისტროს, თუმცა იანვარში სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობამ უარი განაცხადა ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემაზე იმ მიზეზით, რომ სოფლის არსებობის ძირითადი საშუალება   მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა. სოფელს ისედაც მცირე საძოვრები და ასევე მცირე ტყის მასივი აქვს, ამიტომ რაიმე მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია კიდევ უფრო უფრო გააუარესებსდა სოფლის მოსახლეობის მძიმე საარსებო პირობებს.

საყდრისის კომიტეტში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე  RMG GOLD  ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, საყდრისის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ კომპანიის საქმიანობის თუნდაც ერთი ჰექტრით გაფართოება დაბინძურების ახალი წყაროს გაჩენას და კიდევ უფრო მეტ დაავადებულ ადამიანს ნიშნავს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა RMG GOLD-ის საქმიანობაში კორუფციის ნიშნებს ხედავს, რის გამოც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გარემოს დაცვის კომიტეტის სპეციალური სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდიან “ევროპული საქართველოს”წევრებიც.

აუქციონთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა RMG-მაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია წიაღის მოპოვებას არ გეგმავს და ეს ინცორმაცია უხეშ უზუსტობას შეიცავს.

კომპანიაში ამბობენ, რომ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია ამ ეტაპზე არავითარ სამუშოებს არ აწარმოებს და ეს ფართი მათ ფუჭი ქანების განსათავსებლად სჭირდებათ.

“კომპანიას შესწავლილი აქვს აღნიშნული ტერიტორია და მიწის ნაკვეთი სასარგებლო წიაღისეულის კუთხით სტერილურია, რაც ნიშნავს, რომ ამ ნაკვეთზე არ არის სასარგებლო წიაღისეული” – ამბობენ RMG GOLD-ში.

კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ უქციონზე გამოტანილი 16 ჰა მიწის ნაკვეთზე შესვლა და დათვალიერება შესაძლებელია მათი კომპანიის საწარმოო ტერიტორიის გარდა სხვა ლოკაციებიდან და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი