ახალი ამბებიეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი “სითი პარკზე”: ხელშეკრულების შეწყვეტა საჭიროებს ღრმა არგუმენტაციას

20 მარტი, 2018 • 1707
ბიზნესომბუდსმენი “სითი პარკზე”: ხელშეკრულების შეწყვეტა საჭიროებს ღრმა არგუმენტაციას

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, რომელიც დავით ნარმანიას მერობის დროს მისი მოადგილე იყო, ამბობს, რომ “სითი პარკთან” შელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა “ღრმა სამართლებრივ არგუმენტაციას” საჭიროებს. შეხვედრა ლექვინაძესა და “სითი პარკის” მენეჯმენტს შორის დღეს, 20 მარტს, გაიმართა.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა დაკავშირებულია არსებული ხელშეკრულების კომპანიის მხრიდან არაჯეროვან შესრულებასთან და ამ სამართლებრივი პროცესის შესახებ კომპანიას ეცნობა. მეორე მხრივ, ინვესტორთან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა საჭიროებს ღრმა სამართლებრივ არგუმენტაციას. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაბუთება იყოს გამჭვირვალე და არსებობდეს უფრო მეტი კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშოროსო ბიზნესსაზოგადოებასთან, რომ არ შეიქმნას გაურკვევლობა და არასტაბილურობის განცდა თბილისის მერიასთან თუ სხვა სახელმწიფო უწყებებთან არასანდო პარტნიორობის შესახებ, რათა, საბოლოო ჯამში, ჩრდილი არ მიადგეს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს,” – წერია ბიზნესომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანახმად, “სითი პარკმა” მათ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის დაინტერესების თხოვნით 19 მარტს მიმართა.

“სითი პარკთან” ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო სამსახური განახორციელებს. თბილისის მერიაში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს, ან მომავალში როგორ მოხდება პარკირების სისტემის მენეჯმენტი. თბილისის მერმა კახა კალაძემ “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. კახა კალაძე განმარტავს, რომ “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაუქმდება. “კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს,” – აცხადებს თბილისის მერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი