ახალი ამბები

სპორტდარბაზებისა და აუზების გახსნისთვის რეგულაციები შემუშავდება – ბიზნესომბუდსმენი

10 ივნისი, 2020 • 1628
სპორტდარბაზებისა და აუზების გახსნისთვის რეგულაციები შემუშავდება – ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექციის დეპარტამენტი რეგულაციების შემუშავებას გეგმავენ, რომლითაც ფიტნეს-ცენტრებისა და საცურაო აუზების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად გახსნა იქნება შესაძლებელი. საკითხთან დაკავშირებით აღნიშნულ უწყებათა წარმომადგენლები სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებს დღეს, 10 ივნისს შეხვდნენ.

შეხვედრაზე COVID-19-ის თანმდევი შეზღუდვები და რეკომენდაციები განიხილეს, საბოლოოდ კი სამუშაო პლატფორმის შექმნაზე შეჯერდნენ, რომლის ფარგლებშიც ამ დაწესებულებებისათვის სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდება.

“…შევთანხმდით იმ პროცესზე, რომლითაც უნდა მივიდეთ კონკრეტულ რეგულაციებამდე, რომლებიც იქნება პრაქტიკაში აღსრულებადი და რომელთა დაცვითაც მოხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების გახსნა და ბიზნესსექტორის ამუშავება”, – ამბობს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

გუშინ, 9 ივნისს, სპორტდარბაზების გახსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართა, რომელსაც პარტია “გირჩიც” შეუერთდა. პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, სპორტულ დარბაზებს მთავრობა გაუგებარ შეზღუდვებს უწესებს, მათ შორის, უკრძალავს საშხაპეებისა და კონდიციონერების გამოყენებას და დარბაზში 10 ადამიანზე მეტის დაშვებას.

საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ დაუსახელებია თარიღი, თუ როდიდან შეძლებს ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების აღდგენა შეზღუდვების მოხსნის 6- ეტაპიანი გეგმის მე-6 საფეხურზე უნდა მომხდარიყო, რომელიც სასტუმროების გახსნასაც ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი