ნეტგაზეთი | პარკირების მერიისთვის გადაბარება დაიწყო – “სითი პარკი” არბიტრაჟისთვის ემზადება პარკირების მერიისთვის გადაბარება დაიწყო – “სითი პარკი” არბიტრაჟისთვის ემზადება – Netgazeti

პარკირების მერიისთვის გადაბარება დაიწყო – “სითი პარკი” არბიტრაჟისთვის ემზადება

კომპანია “სითი პარკის” წარმომადგენლებმა დღეს, 16 მარტს, დედაქალაქის მერიაში შეხვედრა გამართეს. როგორც მხარეები ამბობენ, შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო  და უფლებამოსილების გადაბარების პროცესში არსებულ საკითხებს ეხებოდა. როგორც ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ვინ და რა პირობებით ჩაანაცვლებს “სითი პარკს”. სანამ შემცვლელი გამოჩნდება, დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო სამსახური განახორციელებს.

კომპანიის იურისტი ამბობს, რომ “სითი პარკი” მაქსიმალურად ეცდება, გადაბარების ისეთი პროცესი უზრუნველყოს, რომელიც ქალაქში პარკირების სისტემის მენეჯმენტს არ დააზარალებს. კომპანიაში ამ დრომდე არ ასახელებენ, რა ოდენობის კომპენსაციას მოითხოვენ თბილისის მერიისგან ხელშეკრულების გაუქმებისთვის. მათი თქმით, თანხა ჯერ არ არის დათვლილი.

როგორც მერიაში ამბობენ, დედაქალაქი პირგასამტეხლოს გადახდას არ აპირებს.  კონტრაქტის გაწყვეტის გამო “სითი პარკი”  სასამართლოსა და არბიტრაჟისთვის მიმართვას გეგმავს.

“სითი პარკთან” ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან გაუქმდება, რის შემდეგაც დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო სამსახური განახორციელებს. თბილისის მერიაში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს, ან მომავალში როგორ მოხდება პარკირების სისტემის მენეჯმენტი:

“სანამ პარკირების ახალი სისტემა არ ჩამოყალიბდება და თვითონ, პარკირების მენეჯმენტის ახალ მოდელს არ შევქმნით, მანამდე ამ ფუნქციებს სატრანსპორტო სამსახური შეასრულებს” – ამბობს ვიცემერი ირაკლი ხმალაძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. კახა კალაძე განმარტავს, რომ “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაუქმდება. “კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს,” – აცხადებს თბილისის მერი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.