ახალი ამბები

უწყებების ნაწილი სატელეფონო მიყურადების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს

9 ოქტომბერი, 2013 •
უწყებების ნაწილი სატელეფონო მიყურადების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) აღნიშნულ უწყებებს მიმართა და მოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია დაწესებულებების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ“ სასამართლოსათვის წარდგენილი და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების, ასევე, კანონიერად და არაკანონიერად ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების რაოდენობის თაობაზე. ორგანიზაციას სხვადასხვა უწყებამ სხვადასხვაგავარი პასუხი გასცა.

ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროა, თუმცა უარი განაცხადეს ინფორმაციის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დამუშავებული სასამართლოში და “მისი მომზადება მოითხოვდა დიდი რაოდენობით საქმეების მოძიებასა და დამუშავებას, რაც ხელს შეუშლიდა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას”

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ  მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო ინფორმაციად მიიჩნია და სრულყოფილად გასცა მხოლოდ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

IDFI–მ საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხები თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში გაასაჩივრა, სასამართლოებმა სხვადასხვაგვარი გადაწყვეტილებები გამოიტანეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ინსტიტუტის სარჩელი. სასამართლომ დასაბუთებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული და დამუშავებული სასამართლოში და “მისი მომზადება მოითხოვდა დიდი რაოდენობით საქმეების მოძიებასა და დამუშავებას, რაც ხელს შეუშლიდა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განხორციელების პროცესში”

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი სრულად დააკმაყოფილა IDFI–ს სარჩელი.

“IDFI -ი მიიჩნევს, რომ მოსმენების რაოდენობის შესახებ მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას მისი სტატისტიკური ხასიათიდან გამომდინარე და საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. IDFI -ი კიდევ ერთხელ მიესალმება თბილისის საქალაქო სასამართლოს  2013 წლის 26 სექტემბერის გადაწყვეტილებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ერთიანი პრაქტიკის დანერგვის გზით აღნიშნული  ინფორმაციის ხელმისაწვდომობა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი