ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს განახლდება

7 ოქტომბერი, 2013 •
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს განახლდება

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ის და “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პოლიტიკური დევნის ობიექტები არიან:

 

“ჩვენ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესში და ვართ პოლიტიკური დევნის ობიექტები, ვანო მერაბიშვილიც და მეც, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა და ჩვენი პოლიტიკური დევნის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს სამუშაო ადგილების შექმნაზე. ეს იქნება ყველაზე კარგი სამსახური, რაც მათ შეიძლება ქვეყანას გაუწიონ.”

 

დღეს გამართულ სხდომაზე საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. კერძოდ, მოსამართლემ დააკამყოფილა დაცვის მხარის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის შუამდგომლობა, რომ დასაქმების სამინისტროსთან დაკავშირებული დოკუმენტები მტკიცებულებად მიეღო:

 

“ჩვენ განცხადებით მივმართეთ მთავრობას. მთავრობამ ჩვენი განცხადება გადააწერა ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან ყოფილი დასაქმების სამინისტროს სამართალმემკვიდრე ისაა. ჯანდაცვამ მოგვაწოდა სამივლინებო დოკუმენტაცია თავისი ბრძანებებით, რომ ტრაპაიძე და მისი მოადგილე რამიშვილი მივლინებებით იმყოფებოდნენ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის და სოციალური აგენტების ინფორმირებას ახდენდნენ.”

 

დაცვის მხარის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება უკანონო გადაწყვეტილებაა. დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარის ადვოკატმა ოთარ კახიძემ მოსამართლეს მოუწოდა პროკურატურისთვის დაევალებინა, რომ დასაკითხი მოწმეების გონივრული რაოდენობა დაცვის მხარისთვის წინასწარ მიეწოდებინა, რაზეც მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ განაცხადა, რომ ის პროკურატურას ვერ დაავალდებულებდა. თავის მხრივ, პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა თქვა, რომ ბრალდება შეეცდება კეთილი ნება გამოიჩინოს და სია წინასწარ მიაწოდოს დაცვის მხარეს:

 

“ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 3969 მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით სასამართლოს პროკურატურისთვის დაევალებინა, რომ ჩვენთვის წინასწარ ყოფილიყო ცნობილი გონივრული რაოდენობა მოწმეების, რომლებიც შემდგომ სხდომებზე დაიკითხებიან. სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ჩვენ პროკურატურის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული, ” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

17 ოქტობრიდან სასამართლო ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს:

 

“მომდევნო პროცესებზე დაიწყება ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, რაშიც მოიაზრება მოწმეთა დაკითხვაც, მოსაყვანი პირების რაოდენობას და მათ სახელებს და გვარებს კოლეგებთან ერთად პროცესის მომზადების პერიოდში დავჯერდებით და წარმოვადგენთ.

 

როგორც სასამართლო პროცესზე განვაცხადე, ჩვენ გავითვალისწინებთ დაცვის მხარის თხოვნას და მაქსიმალურად შევეცდებით შესაძლებლობების ფარგლებში გამოვიჩინოთ კეთილი ნება და წინასწარ შევატყობინოთ დასაკითხი პირების შესახებ, თუმცა პროცესის მიმდინარეობისას გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ეს,” – აღნიშნა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა.

ვანო მერაბიშვილის პროცესი
ვანო მერაბიშვილის პროცესი

მასალების გადაბეჭდვის წესი