მისი თქმით, მისი მიუკერძოებლობა და ობიექტურობა არის საეჭვო:
“მე ვარ აფხაზეთიდან, ისევე, როგორც ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი. ჩვენ გვყავს საერთო წრე, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი იყო მანამდე, სანამ პროკურორად დამნიშნავდნენ. თუმცა არ არსებობდა გარემოებები, რაც მაიძულებდა ამ შუამდგომლობის დაყენებას. მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე პროკურირად, ჩემზე ხდება ფსიქოოგიური ზეწოლა ზოგიერთი ახლობლის მხრიდან, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე პირადად. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბაჩო ახალაიას ადვოკატები, გიორგი ონიანი და რომეო საჯაია არიან ჩემი მეგობრები. ესეც ჩემთვის ფსიქოლოგიური მომენტია. მე სოციალურ ქსელში მაქვს განთავსებული სურათი, სადაც ვარ როემო საჯაიასთან ერთად. რასაც მოჰყვა სხვადასხვა კომენტარები. ამის გამო მე მიმაჩნია, რომ ვერ ვიქნები ამ საქმის პროკურორი. ვერ ვიქნები ობიექტური და გთხოვთ ამაცილოთ ამ საქმეს” – მიმართა ია დარჯანიამ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს.

შუამდგომლობის დაკმაყოფილებამდე კომენტარი გააკეთა დაცვის მხარემაც. გიორგი ონინის განცახდებით, ყველა ის გარემოება, რის გამოც დარჯანიამ ეს შუამდგომლობა დააყენა, მისთვის მანამდეც ცნობილი იყო:
“რაც შეეხება მეგობრობას, ჩვენ გვქონდა მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა, ხოლო ის გარემოებები, რაც მიუთითა პროკურორმა, არ არის დასაბუთებული. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ სურათს რაც შეეხება, იქ ის არ არის მხოლოდ რომეო საჯაიასთან ერთად, სურათზე არის 40 პროკურორი და იმყოფებიან ამერიკაში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.”
რომეო საჯაია ასევე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო: “მე მთელ კოლექტივთან მაქვს პროკურორების ფოტო გადაღებული და მაშინ ისე გამოდის, რომ ვეღარავინ ვერ იქნება პროკურორი.”
სასამართლო პროცესზე კომენტარი გააკეთა ბაჩო ახალაიამაც: “მარტივად არის საქმე. აქ მთავარია არჩევნების წინა პერიოდში გადაწყვეტილება არ გამოვიდეს. ახლა შეიძლება ჩავრთოთ ახალი პროკურორი, ის მოითხოვს ვადას საქმის შესწავლისთვის, ეს არის უბრალოდ გაჭიანურება. ვერავინ იტყვის, რომ ეს არის თვითაცილებისთვის რეალური მიზეზი, ასე ნახევარი საქართველო აფხაზეთიდანაა, მამაჩემი კიდევ პროკურატურაში მუშაობდა და უამრავ პროკურორს იცნობს”– განაცხადა ახალაიამ.
მიუხედავად ამ განცხადებებისა, მომსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სასამართლო პროცესი 2013 წლის 17 ოქტომბრის 12 საათისთვის გადაიდო და მას პროკურორი ლევან ადეიშვილი წარმოადგენს.
პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმაც, მისი თქმით, პროკურატურა ჩიხშია შესული:
“ჩიხშია პროკურატურა შესული და დღეს ცირკის არენაზე მესამე პროკურორი გამოიყვანეს, იმედია, მომდევნო სხდომაზე მომზადებული მოვა, თუ არადა, მოსამართლემ როგორც თქვა, პროკურატურას ბრალდებაზე უარის თქმა მოუწევს”, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ახალი პროკურორის, ლევან ადეიშვილის განცხადებით, მომდევნო პროცესზე ის აუცილებლად წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, ხოლო დაცვის მხარის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება ხდება, არ ეთანხმება:
“მე დღეს შევიტყვე პროცესის დაწყებამდე, რომ ქალბატონ თეას შუამდგმლობა ჰქონდა აცილებაზე და გამოვთქვი მოსაზრება, რომ დღესვე წამოვსულიყავი სხდომაზე, რათა არ გაჭიანურებულიყო პროცესი. მოსამართლემ განმისაზღვრა ათდღიანი ვადა, რომ მაქსიმალურად შევისწავლო საქმე, მე ჩავეტევი ამ ვადაში და ათი დღის შემდეგ თქვენ იხილავთ დასკვნით სიტყვას”, – განაცხადა ლევან ადეიშვილმა.
პროკურორი ლევან ადეიშვილი ბრალდების მხარეს წარმოადგენდა თენგიზ გუნავას საქმეზეც.







