ახალი ამბები

პარტიზანულმა მებაღეობამ რესტორან “პურის სახლთან” აქცია გამართა

6 ოქტომბერი, 2013 •
პარტიზანულმა მებაღეობამ რესტორან “პურის სახლთან” აქცია გამართა

“პურის სახლი “M ჯგუფში” შემავალი ერთ–ერთი რესტორანია, ჩვენ დავგეგმეთ აქციების ციკლი ქსელში შემავალი ყველა რესტორნის წინ, გვაქვს ტრანსპარანტები, სადაც წერია, რომ რესტორანი არ არის კეთილგანწყობილი ბუნების მიმართ, ჩეხავს და ანადგურებს გარემოს და იქ დახარჯული ყოველი ლარით ხელს ვუწყობთ ამ პროცესს და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ დახარჯონ ფული აღნიშნულ რესტორანში”– განაცხადა აქციის მონაწილემ ირა ჭელიძემ. 

 

მისივე თქმით, აქციამ დღესვე გამოიღო შედეგი და მისი მიმდინარეობის დროს ერთმა ოჯახმა რესტორანში შესვლაზე უარი განაცხადა. რესტორანში სტუმრობაზე ასევე უარი თქვა კიდევ ერთმა წყვილმა. 

 

“სულაც არ არის ცუდი, რომ ერთ საათში ორი კლიენტი დავაკარგვინეთ “M ჯგუფს”. შემდეგ დაცვა გამოვიდა  და გვითხრა, რომ ეს მათი ტერიტორიაა და გადაინაცვლეთო და ჩამოვედით ტროტუარზე, საჯარო სივრცეში ვართ და კანონს არ ვარღვევთ არანაირად”– განაცხადა ირა ჭელიძემ. 

 

დღევანდელი აქცია კუს ტბაზე, “ციყვების ტერიტორიაზე” მიმდინარე რესტორნის მშენებლობას უკავშირდება, რომელიც “ემ ჯგუფის” ქსელს ეკუთვნის. რესტორნის ასაშენებლად ნერგების ამოღება ივლისის ბოლოდან დაიწყეს. პროცესს არაერთი საპროტესტო აქცია მოყვა მოქალაქეების მხრიდან, თუმცა გასულ კვირას, 28 სექტემბერს, ნერგების ამოღების პროცესი კვლავ განაახლეს. ნერგების ამოთხრასთან დაკავშირებით ნებართვა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა გასცა. დაქირავებული კომპანია შპს “კოლორიტი” ვალდებულია ამოღებული ნერგების სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველყოს, იმ შემთხვევაში, თუ ნერგი მოკვდება, მას ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.


 „პარტიზანული მებაღეობა“ მოქალაქებს აერთიანებს, რომლებიც  ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ჯიშის ნერგებს რგავენ. ისინი ასევე აქტიურად ზრუნავენ ახალდარგული ნერგების მოვლა-პატრონობასა და ხეების გადარჩენაზე.


შემდეგი აქცია მომავალ შაბათ–კვირასაა დაგეგმილი. 


ფოტო: ირა ჭელიძე
ფოტო: ირა ჭელიძე


ფოტო: ირა ჭელიძე
ფოტო: ირა ჭელიძე


ფოტო: ირა ჭელიძე
ფოტო: ირა ჭელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი