ახალი ამბები

პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს

2 ოქტომბერი, 2013 • • 1243
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს

ამ წუთებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ. წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა, ქრთამის გაცემასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

 

ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით (ქრთამის მიცემა), 362-ე მუხლით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) ან/და 363-ე მუხლის (დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელიც ბრალდებულია ზემოთ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და რომელთა მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2011 წლის 14 ივნისის კანონის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ (2012 წლის 31 დეკემბერი) დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა მათ მიმართ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად,  ამნისტია ეხება დოკუმენტების გაყალბებას, რაც, ძირითადად, გულისხმობს დოკუმენტების არასწორი თარიღებით შედგენა/გაცემას (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის თარიღის გაყალბებას, დაბადებისა და პირადობის მოწმობებში დაბადების თარიღის გაყალბებას) ასევე, გვარისა და სხვა პირადი მონაცემების გაყალბების შემთხვევებს.

 

ამნისტია ვრცელდბა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებაც დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს. აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც ამ დანაშაულების 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტები ან დოკუმენტებში არსებული არასწორი მონაცემები გამოიყენეს ამ კანონის ამოქმედების პერიოდში.

 

კანონპროექტის მიხედვით, დანაშულის პროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე, დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული ფინანსური სარგებლის, კერძოდ, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის, მოწმობის საფუძველზე მიღებული დევნილის ყოველთვიური შემწეობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული ფინანსური დახმარების სახელმწიფოსთვის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

 

კანონპროექტის მიხედვით, თუ პირის მიმართ არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, იმისათვის, რომ ამნისტიით ისარგებლოს, მან განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს, ან საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობას, ან საკონსულო დაწესებულებას 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხოლო თუ კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად პირი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყალბ მოწმობას, მან ზემოთ აღნიშნულ ვადებში განცხადებით უნდა მიმართოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ხოლო თუ პირი ბრალდებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამნისტიით სარგებლობისთვის მასზე არ ვრცელდება შესაბამისი ორგანოებისთვის განცხადებით მიმართვა.

 

კანონპროექტით დადგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვალდებულება – პროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ინფორმაცია გადაუგზავნონ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.  კანონპროექტი ითვალისწინებს დანაშაულის ჩამდენ პირთა დაცვის დამატებით მექანიზმს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: თუ ზემოაღნიშნული ორგანოები ასეთ ინფორმაციას ფლობდნენ პირის ნებაყოფლობით მიმართვის გარეშე, საგამოძიებო ორგანო მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებს მხოლოდ ნებაყოფლობით მიმართვის ვადის გასვლის, ანუ 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, თუ დანაშაულის ჩამდენმა პირმა არ ისარგებლა ამ კანონის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებით და ამ ვადის გასვლამდე ნებაყოფლობით არ განაცხადა შესაბამისი დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი