26 სექტემბრის დილას საბჭოთა კავშირის თავდაცვის გამაფრთხილებელმა სისტემამ აღმოაჩინა სიგნალი სარაკეტო დარტყმის შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდიოდა. სიგნალის მიხედვით, რამდენიმე რაკეტა იყო ამუშავებული. საბჭოთა კავშირის პროტოკოლის მიხედვით კი, ბირთვულ შემოტევას საპასუხო დარტყმა უნდა მოჰყოლოდა.
თუმცა მორიგე ოფიცერმა სტანისლავ პეტროვმა, რომლის მოვალეობაც აღნიშნული რაკეტების რეგისტრაცია იყო, გადაწყვიტა, რომ რაკეტების შესახებ მისი უფროსებისთვის არ ეცნობებინა და სიგნალი, როგორც ცრუ განგაში, უარყო.
მისი ქმედება ინსტრუქციების დარღვევა და მოვალეობების უგულებელყოფა იყო, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა მსოფლიო იხსნა, – წერს BBC.
“ყველა მონაცემი მქონდა მოსალოდნელი დარტყმის შესახებ. თუ ჩემს ანგარიშს გავაგზავნიდი, არავინ იქნებოდა საპასუხო დარტყმის წინააღმდეგი,” – აცხადებს პეტროვი 30 წლის შემდეგ.
სტანისლავ პეტროვს პოდპოლკოვნიკის წოდება აქვს და დღეს მოსკოვთან ახლოს, პატარა ქალაქში ცხოვრობს. იგი კარგად გაწვრთნილი გუნდის წევრი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის ერთ–ერთ თავდაცვით – გამაფრთხილებელ ბაზაზე მუშაობდა. მისი წვრთნა მკაცრი იყო, ხოლო მიღებული ინსტრუქციები- ნათელი.
პეტროვის სამუშაო ნებისმიერი მოსალოდნელი სარაკეტო დარტმის რეგისტრირება და ინფორმაციის საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის გაგზავნა იყო. 1983 წლის პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, საპასუხო დარტყმა აუცილებლად იქნებოდა საბჭოთა კავშირის მხრიდან.
პეტროვის განცხადებით, გადამწყვეტ მომენტში ადგილზე გაიყინა:
“სირენა ყვიროდა, მაგრამ მე მხოლოდ ვიჯექი რამდენიმე წამით და წითლად ანთებულ ეკრანს ვუყურებდი, რომელზეც “გაშვება” ეწერა”
სისტემა ეუბნებოდა, რომ სიგნალის სანდოობა ძალიან მაღალი იყო და ეჭვები არ არსებობდა, რომ ამერიკამ რაკეტა გაუშვა.
“ერთი წუთის შემდეგ სირენა კვლავ გაითიშა. მოგვიანებით კი 5 გაშვებულ რაკეტაზე მოვიდა შეტყობინება, კომპიუტერმა განგაშის სიტყვა “გაშვება” “სარაკეტო დარტყმით” შეცვალა”, – იხსენებს პეტროვი.
პეტროვმა იაფასიან რუსულ სიგარეტს მოუკიდა და შესაძლო ქმედებებზე ფიქრობდა:
“არ არსებობდა წესი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იქნებოდა დრო, სიგნალის მიღებიდან შეტყობინების გაგზავნამდე. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ყოველი გაჭიანურებული წამი ძვირფასი იყო და საბჭოთა კავშირის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული. ერთადერთი, რაც უნდა გამეკეთებინა – ამეღო ტელეფონი და ინფორმაცია გადამეცა, მაგრამ განძრევაც ვერ შევძელი,” – აღნიშნავს სტანისლავ პეტროვი.
საბჭოთა პროტოკოლის მიხედვით, ბირთვულ დარტმას საპასუხო დარტყმა უნდა მოჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ სიგნალი რეალური ჩანდა, სტანისლავ პეტროვი მაინც დაეჭვდა.
პეტროვის მსგავსი IT სპეციალისტები საბჭოთა კავშირს ბევრი ჰყავდა, რომლებიც აშშ–ის სარაკეტო ძალებს აკვირდებოდნენ. სატელიტური რადარების ოპერატორთა ჯგუფმა პეტროვს განუცხადა, რომ მათ რაკეტები არ დაურეგისტრირებიათ. მაგრამ აღნიშნული ჯგუფი მხოლოდ მხარდამჭერი სერვისი იყო, პროტოკოლი ნათლად ამბობდა, რომ გადაწყვეტილება კომპიუტერული სიგნალზე დაყრდნობით მორიგე ოფიცერს უნდა მიეღო.
სტანისლავ პეტროვი სწორედ სიგნალის სიძლიერემ და მკაფიოობამ დააეჭვა. პეტროვმა საბჭოთა არმიის შტაბის მორიგე ოფიცერს დაურეკა და უთხრა, რომ სისტემა არასწორად მუშაობდა.
პეტროვი რომ შემცდარიყო, პირველი ბირთვული აფეთქება რამდენიმე წუთში მოხდებოდა:
“23 წუთი გავიდა და არაფერი მოხდა, რეალური დარტყმის შემთხვევაში, 23 წუთის შემდეგ ყველაფერი დანამდვილებით გვეცოდინებოდა, ეს ნამდვილი შვება იყო,”– განაცხადა მან.
30 წლის შემდეგ პეტროვი ამბობს, რომ მისი შანსები 50/50 იყო. იგი არა ყოფილა ბოლომდე დარწმუნებული, რომ სიგნალი მცდარი იყო. პეტროვი ამბობს, რომ გუნდში ერთადერთი იყო, რომელმაც სამოქალაქო განათლება მიიღო, ყველა დანარჩენი გუნდში პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომლებსაც ბრძანების მორჩილებას ასწავლიდნენ, ამიტომ პეტროვს სჯერა, იმ ღამით მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, მყისიერად იმოქმედებდნენ პროტოკოლის მიხედვით.
რამდენიმე დღის შემდეგ სტანისლავ პეტროვმა ოფიციალური საყვედური მიიღო, არა იმისთვის, რაც გააკეთა, არამედ დაშვებული შეცდომებისთვის, რომელიც სამეთვალყურეო ჟურნალში იყო ჩანიშნული.
10 წლის განმავლობაში სტანისლავ პეტროვი 1983 წლის 26 სექტემბრის ღამეს საიდუმლოდ ინახავდა:
“ვფიქრობდი, სამარცხვინო იქნებოდა საბჭოთა კავშირისთვის, რომ მისი სისტემა ასე შეცდა,” – აცხადებს იგი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორია პრესაში მოხვდა, სტანისლავ პეტროვმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო, მაგრამ საკუთარ თავს გმირად არ განიხილავს:
“ეს ჩემი საქმე იყო, მაგრამ გაგიმართლათ, რომ იმ ღამით მორიგე მე ვიყავი”.