თბილისში, მშრალ ხიდზე ძველი ნივთებით მოვაჭრე, ტანია ამირბეგი რვა წელია მტრედების გუნდს ყოველდღიურად ხორბლითა და მზესუმზირით კვებავს. ფრინველებს, რომლებიც თვითონ შეიჩვია ამ სკვერში, დღეში ორჯერ ან სამჯერ ანებივრებს მარცვლეულით.
რამდენიმე მტრედს, რომელიც უკვე წლებია ამ სკვერში მიფრინავს გამოსაკვებად, ტანიამ სახელებიც შეარქვა. ზოგიერთ მათგანს ძველი ნივთებით მოვაჭრე ქალი კარგად სცნობს, ხოლო ფრინველებსაც არ ეშინიათ მისი.
ტანიას თქმით, კონკურენტი მოვაჭრეები ხშირად ეჩხუბებიან ფრინველების გამოკვების გამო, რადგან ჰგონიათ, რომ ამას კლიენტების მისაზიდად აკეთებს. თუმცა ზოგიერთი მათგანი, პირიქით, ეხმარება კიდეც მტრედების გამოკვებაში, მათ შორის, მიხეილი.
როგორც ტანია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ავად გახდა და ვერ მოახერხა მშრალ ხიდზე მისვლა, მარცვლეულს მიხეილს უტოვებს, რათა მტრედები მშივრები არ დარჩნენ.
მტრედების გუნდი ტურისტების ყურადღბასაც მარტივად იქცევს, რომლებიც ხშირად იღებენ ამ ადგილას ფოტოებს და ხშირად თავადაც კვებავენ ფრინველებს.