ახალი ამბები

სიმართლე ფაროსანას იაპონური მტრის შესახებ – ეს კრაზანა ადამიანისთვის საშიში არ არის

5 მარტი, 2018 • 7393
სიმართლე ფაროსანას იაპონური მტრის შესახებ – ეს კრაზანა ადამიანისთვის საშიში არ არის

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, შესაძლოა, იაპონური კრაზანა შემოიყვანონ. სურსათის ეროვნული სააგნეტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის განცხადებით, ამ ეტაპზე მწერის შესწავლის მიზნით კვლევები მიმდინარეობს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შემოიყვანენ თუ არა იაპონურ კრაზანას საქართველოში.

იაპონური კრაზანა, იგივე Samurai wasp, 1-2-მილიმეტრიანი შავი მწერია. მდედრი მწერი მამრთან შედარებით მცირედით დიდია. მწერის სამშობლოდ აზია, კერძოდ, ჩინეთი, იაპონია და კორეა მიიჩნევა. 2015 წელს ის ამერიკაში გამოჩნდა. იაპონური კრაზანის ეს სახეობა აზიური ფაროსანას კვერცხებს ანადგურებს. კრაზანა აზიური ფაროსანას კვერცხებს აჯდება და იქ დებს თავის კვერცხს, სადანაც ახალი კრაზანა იჩეკება. ამ პროცესში ის აზიური ფარასანას ჭუპრს ანადგურებს. იაპონური კრაზანა აზიური ფაროსანას ერთ-ერთ მთავარ ბიოლოგიურ მტრად ითვლება

იაპონური კრაზანა

“აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან – ჩინეთიდან, კორეიდან და იაპონიიდან არის. ამ ტერიტორიაზე მას ბუნებრივი მარეგულირებელი იაპონური კრაზანის სახით ჰყავს. ეს კრაზანა არეგულირებს აზიური ფაროსანას რიცხოვნობას ბუნებაში. ამ ქვეყნებში ფაროსანა პრობლემას არ წარმოადგენს. იაპონურ კრაზანა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ამ მავნებლის წინააღმდეგ,” – აცხადებს ნიკა მესხი.

მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის სახელმწიფო ალტერნატივის სახით იაპონური კრაზანის შემოყვანის საკითხს განიხილავს. თუმცა, სანამ ქვეყანაში პარაზიტს შემოიყვანენ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლევას ატარებს. მისი თქმით, შვეიცარია იაპონურ კრაზანას ლაბოტარორიული გზით სწავლობს.

იაპონური კრაზანა/ფოტო: Photo courtesy of Christopher Hedstrom

“შვეიცარიაში ასევე სწავლობენ, რა ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს პარაზიტს გარემოზე. იაპონური კრაზანის შეყვანა ჯერ იქაც არ არის გადაწყევტილი. ბოლო პერიოდში ინტერნეტში ვრცელდება გაურკვეველი წარმოშობის დიდი ზომის მწერის ფოტოები. მათ იაპონურ კრაზანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. იაპონური კრაზანა ძალიან მცირე ზომისაა. მას შეუძლია დააზიანოს მხოლოდ ფაროსანას კვერცხები. მას ადამიანისთვის არანაირი საფრთხის მოტანა არ შეუძლია. არც ფუტკრისთვის არის საზიანო,”- აცხადებს ნიკოლოზ მესხი.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი