ახალი ამბებიეკონომიკა

სეს: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პროგრამა პირველ წელს სატესტო იქნება

23 მარტი, 2017 • 7927
სეს: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პროგრამა პირველ წელს სატესტო იქნება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება სურსათის ეროვნული სააგენტოს დაევალა, რისთვისაც საქართველოს და ამერიკის მთავრობები, ჯამში, 15 მილიონ ლარს დახარჯავენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს სამოქმედო გეგმა გააცნო მედიას, თუმცა, როდის აღმოიფხვრება სრულად მავნებელი მწერის პრობლემა, რომელმაც დასავლეთ საქართველოში თხილის სექტორს უკვე 60 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა, ჯერჯერობით არ იციან. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული პროგრამა პირველ წელს მხოლოდ დატესტვისა და დაკვირვების იქნება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, სააგენტო 2017 წელს პროგრამას სამი ძირითადი მიმართულებით განახორციელებს და მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით სრულმასშტაბიან მონიტორინგს ჩაატარებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში განისაზღვრება მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდება ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მონიტორინგი მავნებლის შესაძლო გავრცელების შესასწავლად ჩატარდება. როგორც იაკობაშვილმა განაცხადა, მონიტორინგის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) განთავსებაც.

სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, ქიმიური წამლობა: “სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებს, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლებები.”

აზიური ფაროსანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო ბუკლეტზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

აზიური ფაროსანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო ბუკლეტზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

იაკობაშვილის განცხადებით, მოსახლეობას სახელმწიფო ჰექტარ-ნახევარს საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი გადაეცემა:

“მოსახლეობისთვის აზიური ფაროსანას შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განხორციელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია. მავნებლის ინტენსიური გავრცელების რეგიონებში შეიქმნება საკოორდინაციო შტაბები; ამოქმედდება ცხელი ხაზი, ასევე, მუდმივად განახლებადი ვებგვერდი, სადაც განთავსდება მავნებლის გავრცელების ელექტრონული რუკა.”

საქართველოს მთავრობის განკარგულების წარმოდგენილი პროექტით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში (სამეგრელო, გურია, სამტრედია, გალის რაიონი) მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. პროექტის მიხედვით, შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 48 544 ჰექტარზე.

“სამუშაოების ჩასატარებლად ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდი გადაეცემათ პირებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი (ჯამში, დაახლოებით 5 200 ჰა). მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებელის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში),” – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. გიორგი იაკობაშვილის თქმით, მას გააჩნია სწრაფი პოპულაცია, რის შედეგადაც 2016 წელს გავრცელდა და მავნებელმა მეთხილეობის დარგს 50–60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დღეისათვის უკვე ჩატარდა შეხვედრები და სწავლებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დაიბეჭდა საინფორმაციო მასალები და მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლი. სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, პრევენციული ღონისძიებები უკვე მაისის შუა რიცხვებში დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენ ხანში შეიძლება აზიური ფაროსანას პოპულაციის სრული აღმოფხვრა, იაკობაშვილი ამბობს: “ეს იქნება მრავალწლიანი პროგრამა და აღმოფხვრასთან დაკავშირებით ჯერ ადრეა ლაპარაკი. პირველი წელი არის მხოლოდ დატესტვისა და დაკვირვების წელი, თუ როგორ რეაგირებს მავნებელი, როგორ გადაადგილდება, რა პოპულაციით მიმდინარეობს და ა.შ.”

პრობლემის მოგვარების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, შეიმუშავა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ასევე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების (ქიმიური წამლობა) გატარებასა და მონიტორინგს ითვალისწინებს. იაკობაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა 7.5 მილიონ ლარს გამოყოფს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ხოლო ამერიკის მთავრობა დაახლოებით 8 მილიონი ლარით დაგვეხმარება.

გიორგი იაკობაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიორგი იაკობაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი