ახალი ამბები

ბახტაძემ სამეგრელოში ვიზიტის დროს ფერმერებს ფაროსანაზე გამარჯვება მოულოცა

16 აგვისტო, 2019 •
ბახტაძემ სამეგრელოში ვიზიტის დროს ფერმერებს ფაროსანაზე გამარჯვება მოულოცა

საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში ფერმერებთან შეხვედრის დროს მათ ფაროსანაზე გამარჯვება მოულოცა. ბახტაძემ განაცხადა, რომ ქართველი ფერემერები ამ გამოწვევას 3 წელი ებრძოდნენ, თუმცა ყველაფერი მათი გამაჯრვებით დასრულდა.

შეხვედრა თხილის საწარმო “ჯეო ნათსთან“ შედგა, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ 6 წლის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში 900-მილიონიანი დეფიციტი ჰქონდა, რაც საშუალებას არ აძლევდა ფერმერებს წარმატებული საქმიანობა ჰქონოდათ. დღეს კი დეფიცითი 300 მილიონითაა შემცირებული.

ბახტაძე თქმით, რომ არა აზიური ფაროსანა და მასთან თანმდევი პრობლემები, დეფიციტი გასულ წელს უკვე განულებული იქნებოდა.

“ეს არის უზარმაზარი წარმატება, ჩვენ შევამცირეთ დეფიციტი სამჯერ და რომ არა აზიური ფაროსანა, და ის ძალიან მტკივნეული გამოწვევა და პრობლემები, რომლებიც მან შექმნა – მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე გასულ წელს ვისაუბრებდით იმაზე, რომ ჩვენ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მსგავსი ნაბიჯებით 2020 წელს ჩვენ შევძლებთ, რომ სავაჭრო დეფიციტის  ეს მტკივნეული სტატისტიკა სოფლის მეურნეობაში აღარ გვქონდეს.

და ეს იქნება მხოლოდ თქვენი დამსახურება – ჩვენი ფერმერების. მე მსურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს – კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ჩვენ ამერიკელ მეგობრებს და ,რა თქმა უნდა, ჩემი გულწრფელი მადლობა თქვენ –  ჩვენს ფერმერებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ როდესაც ქართული საზოგადოება დგას ერთად, არ არსებობს გამოწვევა, რომლის დაძლევასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. კიდევ ერთხელ, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროგრამაში. დიახ, 3 წელი ვებძოდით ჩვენ ამ მტკივნეულ გამოწვევას და ის დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით,“ – ამბობს მამუკა ბახტაძე.

საქართველოში აზიური ფაროსანა 2016 წელს გამოჩნდა. მან განსაკუთრებული ზიანი თხილის დარგს მიაყენა.  2016-2018 წლებში თხილის ექსპორტის დანაკარგმა 100 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

თხილის ექსპორტი:

  • 2016 წელი – 179 378 მლნ აშშ დოლარი
  • 2017 წელი – 82 344 მლნ აშშ დოლარი
  • 2018 წელი – 57 265 მლნ აშშ დოლარი

დღეისთვის ფაროსანას ოდენობა შემცირებულია, თუმცა, როგროც ექსპერტები და ფერმერები ამბობენ, ეს არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულდა და შესაბამისად, თხილის ნარგავების შეწამვლა აუცილებელია.

ვრცლად ამ თემაზე წაითხეთ აქ:

ფაროსანა უკან იხევს

მასალების გადაბეჭდვის წესი