ფაროსანა უკან იხევს

ფერმერების ნაწილი სამეგრელოდან, გურიიდან და აჭარიდან ამბობს, რომ წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია. შესაბამისად, ისინი იმედოვნებენ, რომ წელს უკეთეს მოსავალს აიღებენ. სპეციალისტები კი ფერმერებს ურჩევენ, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა იგივე შემართებით გააგრძელონ, რადგან მავნებელი მწერი კვლავ დიდი საფრთხის შემცველია.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა მდგომარეობაა წელს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში, სადაც 2016 წლიდან მოყოლებული მავნებელი მწერი თხილსა და სხვა ნარგავებს ანადგურებდა.

„ფაროსანა არის, მაგრამ რაოდენობა შემცირებულია“

ლია მუხაშავრია გურიაში მეთხილეების კოოპერატივს, „გურიის თხილს“ ხელმძღვანელობს. კოოპერატივი 100-მდე ფერმერს აერთიანებს, რომელთა პლანტაციის საერთო ფართობი 250 ჰექტარია. მუხაშავრიას თქმით, წელს თხილის მოსავალზე ფაროსანას გავლენა მინიმალურია და მიუხედავად გვალვისა, რომელმაც ნაყოფი დააზიანა, 2018 წელთან შედარებით ბევრად უკეთესს მოსავალს ელიან. 

„წელს ფაროსანას გაცილებით მცირე რაოდენობაა. ვერ ვიტყვი, რომ სულ მოისპო, თუმცა მათი რაოდენობა მნიშვნელოვანად შემცირებულია. შემცირების ტენდენცია წლის დასაწყისიდან იგრძნობოდა. გვეშინოდა, მავნებელის რაოდენობა მერე არ გაზრდილიყო, თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. წელს თხილის მოსავალზეც ფაროსანას გავლენა მინიმალურია.. შარშან თხილს ნაკბენი ეტყობოდა. როგორ იყო, იცით?!  როცა ჯერ კიდევ გარქოვანებული არ იყო ნაჭუჭი, ფაროსანას ნაკბენი თხილის გულს წერტილებად ეტყობოდა. წელს ასეთი რამ არ მინახავს. აწი რომც გამრავლდეს ფაროსანა, თხილს ვეღარაფერს დააკლებს, რადგან ნაჭუჭი უკვე გამაგრებული აქვს,“ – ამბობს ლია მუხაშავრია. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცოტნე ჯალაღონიაც აზიური ფაროსანას შემცირებულ რაოდენობაზე საუბრობს. თხილის გარდა, მას სოფელ ახუთში სიმინდის ყანა აქვს, რომელიც გასულ წელს ფაროსანამ გაუფუჭა. წელს მოსავალი ჯერ არ აუღია, თუმცა ამბობს, რომ წელს ბევრად უკეთესი პროგნოზი აქვს. 

„შარშან ძალიან  ცუდი სიტუაცია იყო. კი, იწამლებოდა ნარგავები, თუმცა ფაროსანას რაოდენობა არ შემცირებულა, ანუ ამ წამლობას შედეგი არ ჰქონია. წელს ფაროსანას რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. მაგალითად, შარშან ამ დროს ნაკვეთში რომ შეხვიდოდი, სავსე იყო მავნებლით. წელს თითო-ოროლას თუ ნახავ. თხილის ნარგავებში რომ შედიოდი, ტოტები გაშავებული იყო. თან დაფრინავს [ფაროსანა] და ხმა აქვს… ყურში გიბზუის. როცა ნაკვეთში შედიხარ, გამორიცხულია, ფაროსანა ვერ შეამჩნიო. ორი აზრი არ არსებობს, საგრძნობლად შემცირებულია“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათში მცხოვრები ჯემალ ჩახაიაც ამბობს, რომ სოფელში ფაროსანა არის, თუმცა 2018 წელთან შედარებით მათი რაოდენობა შემცირებულია. მას 1.3 ჰა თხილის პლანტაცია აქვს, რომელიც, მისი თქმით, წელს ფაროსანაზე მეტად გვალვამ დაუზიანა. 

„ფაროსანა ბევრად შემცირებულია. რაც შეეხება მოსავალს, რამდენიმე თხილის ნაყოფი გავტეხე, შემოწმება მინდოდა, ნაკბენი თუ ჰქონდა [ფაროსანას]. კვალი შეიმჩნევა, თუმცა ისეთი არა, რომ მოსავალზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. სავარაუდოდ, მოსავლის 2-5% თუ იქნება ფაროსანას მიერ გაფუჭებული“.

ქობულეთის სოფელ გვარაში მცხოვრები ჯონი ბოლქვაძე გვეუბნება, რომ ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია, მეტიც – მავნებელმა თხილის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გააფუჭა. 

„ფაროსანა შემცირებულია. 1.5 ჰექტარზე მაქვს თხილი და ოთხჯერ მოვწამლე, კიდევ ვაპირებ მოწამვლას. სახელმწიფო კონსულტაციას გვიწევს, მოდიან პლანტაციაში, ამოწმებენ და გვეუბნებიან, რითი შევწამლოთ. კარდაკარ დადიან… ხალხიც უფრო გათვითცნობიერდა და წელს უფრო კარგი შედეგი გვაქვს, თუმცა ვნახოთ, რა იქნება, როცა მოსავალს ავიღებთ. წელს ფაროსანა ნაკლებია, მაგრამ ახლა ამბობდნენ, ისევ გააქტიურდაო და ხალხმა ისევ დაიწყო წამლობები.“

ბრძოლის გაგრძელება მაინც აუცილებელია

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა ამბობს, რომ ფაროსანა თხილისთვის ნებისმიერ სტადიაში საზიანოა, შესაბამისად, თხილის ნარგავების შეწამვლა აუცილებელია:

“ნებისმიერ ეტაპზე ფაროსანა თხილისთვის საზიანოა. ამიტომაც ფერმერებს ვეუბნებით, რომ მოსავლის აღებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ნარგავები შეწამლონ. შარშან გვქონდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც მათ ნახეს, რომ ნაჭუჭი მაგარი იყო, შესაბამისად,  გადაწყვიტეს, რომ ბოლო წამლობები არ ჩაეტარებინათ. რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო, რადგან თხილის ხარისხის დაბალი იყო, შესაბამისად, დაზარალდნენ. ფაროსანას უკვე გამაგრებული ნაჭუჭის დაზიანებაც შეუძლია, რადგან ის გამოყოფს სითხეს, რომელიც ნაჭუჭს აზიანებს. რამდენიმე დღეში ფაროსანას ნაკბენი ნაყოფს ემჩნევა, ბოლოს კი ლპება. ახლაც კი, როცა მოსავლის აღება უნდა დაიწყოს, რომ დაარტყას ფაროსანამ, ჩათვალეთ, რომ თხილი გაფუჭებულია.”

რამ გამოიწვია ფაროსანას შემცირება?

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში უკეთესი ვითარებაა. სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების გარდა, შალამბერიძე მავნებლის შემცირებას მოსახლეობის მხრიდან საკუთარი ნაკვეთების დამუშავებას და გამოცდილების ზრდასაც უკავშირებს. 

„ფერომონებით ფაროსანას დიდი რაოდენობის განადგურება შევძელით. წლების განმავლობაში თუ ჩვენ მივდევდით ფაროსანას, წელს უკვე გამოცდილება გვაქვს და ვიცით, მავნებელი რომელ კულტურაზე რა პერიოდში მიდის. აქვე მინდა ვახსენო აჭარაც. სარეზერვო ჯგუფებს აჭარაში ვტოვებთ, სანამ ციტრუსის დაბინავება არ დამთავრდება. ფაქტობრივად, ჩვენ მივყვებით ყველა სტრატეგიულ კულტურას, რაც საქართველოში მოდის. ნიადაგის თერმული ნისლით დამუშავება ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, სანამ მავნებელი ტყეში არ დაბრუნდება, ანუ გამოსაზამთრებელ ფაზაში არ შევა. შარშანდელთან შედარებით, აზიური ფაროსანას რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. შედეგი დადგება, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა თხილი დაიკრიფება, თუმცა შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა საკმაოდ კარგია,“ – აცხადებს შალამბერიძე.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფაროსანას შემცირებას წელს ჩატარებულ წამლობებს უკავშირებს. გიორგი თოდუას თქმით, ასოციაციამ “თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა” შექმნა. პროგრამის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფერმერებს შესაწამლი აპარატები მისცეს.

“ჩვენ, ჯამში, 1400 აპარატი გადავეცით ფერმერებს. ამ პროექტის ფარგლებში დამუშავდა და შეიწამლა 20 ათასი ჰა. სწორედ ამას ვუკავშირებთ ფაროსანას შემცირებას. ამხელა ტერიტორია რომ შეიწამლა 5-6 ჯერ, ბუნებრივია, ფაროსანა შემცირდა,”-ამბობს თოდუა.

მთავრობამ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. პროგრამა, წინა წლის მსგავსად, შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: საინფორმაციო კამპანია; მონიტორინგის სისტემა; ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები.

მონიტორინგის სისტემა გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას და მასთან ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებებსა და ვადებს. მონიტორინგის პროცესში მაღალი რისკის ზონებში ფერომონიანი საჭერები განლაგდება. ხეზე მაგრდება ფერომონი, რომელიც იზიდავს მავნებელს, შემდეგ კი ხდება მისი განადგურება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 50 ათასი ფერომონია განთავსებული და სექტემბრისთვის მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. 

2019 წლის ბიუჯეტში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის 45 მლნ ლარია გამოყოფილი. დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგან მავნებლის სრული განადგურება შეუძლებელია, ფაროსანასთან ბრძოლის მიზანი მწერის რაოდენობის შემცირებაა, რის შედეგადაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების დანაკარგი 5-15%-მდე უნდა დავიდეს. 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ეხმარება. ორგანიზაციის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში USAID-მა ამ მიზნით 6.5 მილიონი დოლარი გამოჰყო.

„ამ დახმარების ფარგლებში, მონიტორინგის და პესტიციდების შესხურების მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფორდის ფირმის 45 პიკაპი, 17 ახალი ჰოლანდიური ტრაქტორი, 15 შესაწამლი აპარატურა, ხაფანგები, სპეციალური ფორმები და მონიტორინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა  გადაეცა,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში. 

პრემიერის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ 2019 წელს სახელმწიფომ მავნებელი მწერის წინააღმდეგ შეიძინა 110 ათასი ლიტრი პესტიციდი და 250 ათასი ფერომონი. 

ფერმერებს საკუთარი მოსაზრება აქვთ იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია ფაროსანას რაოდენობის შემცირება. ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მავნებელი მწერის შემცირება, სავარაუდოდ, იმასაც უკავშირდება, რომ ბუნებამ ფაროსანას წინააღმდეგ ადაპტაცია შეძლო:

„შარშანდელთან შედარებით, მომატებულია მერცხლებისა და სხვა ფრინველების რაოდენობა. გამორიცხული არ არის, ბუნებრივად მოხდა ფაროსანების შემცირება. ზოგადად, მეცნიერებიც ამბობენ, რომ 4-5 წელიწადში ერთხელ, როცა ბუნებაში ხელოვნურად გაშვებული ორგანიზმი მრავლდება, ამას ბუნება თვითონ ინელებს და სპობს, რადგან მისთვის უცხოა. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ფაროსანას შემცირება ბუნებრივად მოხდა“, – გვითხრა მან.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცოტნე ჯალაღონია კი ფიქრობს, რომ შეწამვლის შედეგად მავნებელ მწერს გამრავლების ფუნქცია დაუქვეითდა:

„ვფიქრობ, შარშან რომ შეწამლეს, [ფაროსანას] გამრავლების ფუნქცია დაუქვეითდა. ალბათ ამან გამოიღო რაღაც შედეგი, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. გასულ წელს, აპრილ-მაისში, ფაროსანა შემცირებული იყო, თუმცა მერე ძალიან ბევრი გამოვიდა. თხილის, სიმინდის გარდა, ფაროსანა ვაშლს, მსხალსაც ანადგურებდა. შარშან იმდენი იყვნენ, საღი არ დატოვეს არაფერი. სამეგრელოში სხვებსაც რომ ჰკითხოთ, გეტყვიან ,რომ ფაროსანა შემცირებულია.“

კახათში მცხოვრები ჯემალ ჩახაიაც შეწამვლას უკავშირებს ფაროსანას რაოდენობის შემცირებას:

„შემოდგომაზე, როცა ისინი [ფაროსანები] სახლში შედიან, ხალხმა შეწამვლა დაიწყო, დაახვედრეს ფერომონები. ასევე შეწამლეს სხვენები. ვფიქრობ, ძირითადად ამან გამოიწვია ფაროსანას შემცირება. ამბობენ, შაშვებმა გაანადგურესო, თუმცა იმდენი შაშვი სად არის, ამდენ ფაროსანას რომ მოერიოს… ბევრი მოსაზრებაა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მაინც შეწამვლა იყო.“

თხილის სექტორის ზარალის ოდენობა

აზიურმა ფაროსანამ საქართველოში განსაკუთრებული ზიანი თხილის დარგს მიაყენა.  2016-2018 წლებში თხილის ექსპორტის დანაკარგმა 100 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

თხილის ექსპორტი:

  • 2016 წელი – 179 378 მლნ აშშ დოლარი
  • 2017 წელი – 82 344 მლნ აშშ დოლარი
  • 2018 წელი – 57 265 მლნ აშშ დოლარი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.