ახალი ამბები

ათეულობით დაკავებული და დაშავებული – კიევში “კარვების ქალაქი” დაშალეს

3 მარტი, 2018 • 2034
ათეულობით დაკავებული და დაშავებული – კიევში “კარვების ქალაქი” დაშალეს

3 მარტის დილიდან შეტაკებები იყო კიევში, პარლამენტის შენობის წინ. სამართალდამცავებმა დაიწყეს საპროტესტო კარვების დაშლა, რომლებიც უკრაინის დედაქალაქის ცენტრში უკვე რამდენიმე თვეა, რაც გაშლილია. კარვების გაშლის ერთ-ერთი ინიციატორი მიხეილ სააკაშვილის “ახალი ძალების მოძრაობა” იყო.

“კარვების ქალაქის” დაშლა კიევში. ფოტო: უკრაინის შსს

“კარვების ქალაქის” დაშლა კიევში. ფოტო: უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 100-მდე მონაწილე, 11 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავდნენ სამართალდამცავებიც.

უკრაინელი სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეები უკრაინის საკანონმდებლო ორგანოზე აპირებდნენ შტურმს, მათი კარვებიდან კი ამოიღეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ყუმბარები. დაკავებულებს სამართალდამცავების მიმართ მუქარასა და ძალადობას ედავებიან.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, სააავდმყოფოში გადაყვანილ აქციის მონაწილეებს აქვთ მოტეხილობები. უკრაინის პოლიციამ კიევის ცენტრში გაშლილი კარვები მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გაიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი