ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტატუნაშვილისა და ოკუპაციის საკითხზე აქციას თბილისში კაფე-ბარებიც უერთდებიან

2 მარტი, 2018 • 2391
ტატუნაშვილისა და ოკუპაციის საკითხზე აქციას თბილისში კაფე-ბარებიც უერთდებიან

4 მარტს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოკლული საქართველოს მოქალაქის – არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია, სახელად “მშვიდობა ომზე მეტია” ფეისბუკზე დააანონსეს.

ორგანიზატორების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და აპროტესტებენ რუსეთის ოკუპაციას.

“ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე ღირებული ფასეულობა, რომელსაც დაცვა სჭირდება. ჩვენი მთავარი სათქმელიც არის ის, რომ “მშვიდობა ომზე მეტია” და ჩვენ ვცდილობთ, ყველას დავანახოთ ჩვენი მშვიდობიანი არჩევანი, რაზეც ისინი გვპასუხობენ ომითა და ძალადობით. ეს არის მთავარი მესიჯები, რასაც ვავრცელებთ, შესაბამისად, კონკრეტული მოთხოვნა არ გვაქვს. ჩვენი მიზანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრი დაფიქსირდეს.” – განუცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ირინა ცაგარეიშვილმა ნეტგაზეთს.

როგორც ირინა ცაგარეიშვილი ამბობს, აქციის მიზანია “მსოფლიოს დაანახოს სამოქალაქო საზოგადოების მყარი აზრი, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის”.

“ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ვთვლით, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირებ როგორც სახელმწიფოსგან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე, განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე.”

აქციის ორგანიზატორები პოლიტიკოსებს და თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, გვერდზე გადადონ საკუთარი ინტერესები, სკამები, საკუთარი ინტერესები და გვერდით დაუდგნენ რიგით მოქალაქეებს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ შეუერთდება 40-მდე ბარი, რესტორანი და სხვა კომერციული ობიექტები, რომლებიც აქციის მიმდინარეობის დროს  სოლიდარობის ნიშნად 2 საათით დაიხურება და თავიანთ მომხმარებლებს აქციაზე წასვლას მოუწოდებენ. მათ შორის, არის ეთნიკური ბარი კანუდოსი, კამორა, ფუნდუკი, საქსესი, Drunk Owl, ამბავი, ლიტკაფე და სხვ.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, მასთან ერთად 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშილი და იოსებ პავლიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ისინი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რჩებიან. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა”.

იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემას 26 თებერვალს ელოდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცხედრის გადმოცემას ჯერ არ აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი