მოსამართლე სანდრო დგვარელმა დაცვის მხარის არც მეორე შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც საქმის შეწყვეტას ეხებოდა.
როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან და ვანო მერაბიშვილმა იციან, რომ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობენ, რასაც ქუთაისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს:
“ჩვენ ვალდებული ვართ, რომ შუამდგომლობა დავაყენოთ, იქიდან გამომდინარე, რომ დავიცვათ შემდგომ სტრასბურგში ჩვენი უფლებები, თორემ სხვა გადაწყვეტილებას ჩვენ არც ველოდებოდით, გამომდინარე იქიდან რომ ქუთაისის სასამართლომ უკვე დაგვამახსოვრა თავი თავისი წინა გადაწყვეტილებებით, რომელიც აბსოლუტურად ექვემდებარება პროკურატურის ზეწოლას და დღესაც განმეორდა იგივე. ამიტომ არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ეტაპის გავლას.”
დაცვის მხარის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებების მიღება ტრადიციად იქცა:
“ტრადიციად იქცა ამ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებების მიღება, დღესაც ვნახეთ ერთი ასეთი გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როდესაც ყველა საგამოძიებო მოქმედება ამოწურულია, იმ ფონზე, როდესაც საქმე უკვე წინასანამართლო სხდომაზე იყო მოტანილი და იგი გადაიგზავნა არსებით განხილვაზე, მიუხედავად ამ არგუმენტებისა, მაინც არ შეიცვალა აღმკვეთი ღონისძიება. ამ შემთხვევაში, მიიჩნია სასამართლომ გადაეგზავნა არსებით განსახილველად, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება იყო აბსოლუტურად უსუსური, არანაირი არგუმენტაცია არ ჰქონდა იმის, თუ რატომ უნდა დარჩენილიყო ბატონი მერაბიშვილი პატიმრობაში. ჩვენ კი, როგორც ნახეთ, წამოვაყენეთ უამრავი ის მტკიცებულება, თუ რატომ უნდა მომხდარიყო მისი გათავისუფლება და შემდეგ მომხდარიყო ისევ არსებითი განხილვები, მაგრამ აღმოჩნდა ისე, როგორც უკვე ვთქვი, ტრადიციად არის ქცეული ამ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებების მიღება.”
პროკურორი ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ ბრალდების მხარეს უამრავი მოწმე ჰყავს, რომლებიც ბრალდებულების დანაშაულს ადასტურებენ:
“მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა საქმის არსებითად განსახილველად გადაცემაზე და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების მოხსნის თაობაზე. მათი დასაბუთება მდგომარეობდა შემდეგში, რომ დარღვეული იყო დაკავების პროცედუალური ნორმები და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკვე მერამდენე შუამდგომლობა იქნა დაყენებული აღნიშნული მოტივით და სასამართლომ არაერთხელ განუმარტა დაცვის მხარეს, რომ პროცესუალურ დარღვევებს ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მათ მოტივაციას დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული იყო დაუსაბუთებელი და ბრალდების მხარეს გააჩნია უამრავი მოწმე, რომლებიც ადასტურებენ მის დანაშაულს და ჩვენ ვედავებით, კერძოდ, ბრალდებულების ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს.”
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა 7 ოქტომბერს, 13 საათზე განახლდება.





