ახალი ამბები

“პარტიზანი მებაღეები” VS ინვესტორი და საკრებულო – დაპირისპირება “ციყვების ზონისთვის”

23 სექტემბერი, 2013 •
“პარტიზანი მებაღეები” VS ინვესტორი და საკრებულო – დაპირისპირება “ციყვების ზონისთვის”

 

ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 23 სექტემბერს, შუადღის საათებში ცნობილი გახდა, რომ შპს “კოლორიტის” წარმომადგენლები ადგილიდან ბუჩქოვანი ნერგების გადარგვას აპირებდნენ. პარტიზანმა მებაღეებმა და მათმა თანამოაზრეებმა ტერიტორია მანქანით და კარვებით ჩახერგეს და ნერგებით დატვირთულ სატვირთო მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მომიტინგეები ტერიტორიიდან ნერგების გადარგვას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ბუჩქები კვლავ “ციყვების ტერიტორიაზე” დაირგას, ხოლო ტერიტორიის მფლობელი “კოლორიტის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ნერგები უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გადააქვთ დასარგავად და მის უკან დაბრუნებას არ აპირებენ. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნერგები, რომელიც ამჟამად სატვირთო მანქანაზეა განთავსებული, უმოქმედობის გამო გახმება, რის გამოც პასუხისმგებლობა მომიტინგეებს დაეკისრებათ, საპირისპირო აზრი აქვთ მომიტინგეებს.

“ჯერ კიდევ ივლისის თვეში დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, ანუ ბუჩქოვანი და ხის მცენარეების გადარგვა. გაჩეხვა აქ არ მიმდინარეობს, ხდება მათი გადარგვა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილ ადგილზე. არის შესაბამისი ნებართვა, შესაბამისი დასკვნა როგორც ქალაქის გამწვანების სამსახურის მიერ, ისე შესაბამისი გამწვანების სპეციალისტების მიერ გაცემული. ივლისსა და აგვისტოში დიდი სიცხეებისა და ასეთი საპროტესტო აქციების ფონზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი გადაგვეტანა, გავჩერდით და ახლა, სექტემბრის ბოლოს გვინდა, რომ განვაახლოთ ეს პროცესი, თუმცა იგივე ადამიანები, რომლებიც მაშინ ამას ეწინააღმდეგებოდნენ, საპროტესტო აქციას ამჟამადაც ატარებენ. ამბობენ, რომ ხდება გაჩეხვა, სინმადვილეში აქ ხდება გადარგვა, თან არა ხეების, არამედ ბუჩქების. აქ მხოლოდ ფიჭვის ერთი ხე დგას, დანარჩენი არის ბუჩქოვანი ნარგავი”, – “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს ტერიტორიის მფლობელი კომპანია “კოლორიტის” ხელმძღვანელი ანდრო შენგელია.

 

მისი თქმით, კომპანიამ ტერიტორია რესტორნის ასაშენებლად მიმდინარე წლის თებერვალში შეიძინა 690 000 ლარად.

 

პარტიზანი მებაღეები და სხვა ადამიანები, რომლებიც ‘ციყვების ტერიტორიის” გაჩეხვას ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ მათი პრეტენზიები მეტწილად არა ინვესტორის, არამედ ქალაქის მერიისა და სარკებულოს წინაარმდეგ არის მიმართული. სწორედ ამ ორგანოების ძალისხმევით მოხდა რამდენიმე წლის წინ ტერიტორიისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნა და მისთვის რზ3 სტატუსის მინიჭება, რომლის მიხედვითაც, ინვესტორს მერიასთან შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლება აქვს.

‘ჩვენი პოზიცია არის მარტივი, რომ თბილისში მწვანე საფარი დარჩეს. მე ვერ ვერკვევი და არც მაინტერესებს საბუთებში გარკვევა, სად არის ხარვეზი და სად არა. ინვესტორი დააკმაყოფილონ, მისცენ, უამრავი სხვა ტერიტორიაა. ინვესტორთან არ არის ძირითადი პრეტენზია, არის იმასთან, ვინც გასცა ნებართვა, ალბათ, საკრებულოსთან. გვინდა, რომ მწვანე ტერიტორიები შეგვინარჩუნდეს. მაგალითად ვიღებთ ტაქსიმს და იმედი მაქვს, რომ მთელი ჩვენი პარტიზანული გვერდი და არა მარტო, შემოურთდება ამ მოძრაობას და ამას გავაჩერებთ. 30 სექტემბერს გვაქვს დაგეგმილი მიტინგი, უკვე შედგენილი გვაქვს პეტიცია, რომელიც იურისტებმა დაწერეს, სადაც ვაყალიბებთ მოთხოვნებს მწვანე საფარის განადგურების გაჩერებასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ მორატორიუმს იმ ვადით, სანამ არ გასწორდება კანონი და სანამ ეს ყველაფერი არ იქნება კანონით დაცული და არა ასე კარვებით და ფეისბუკის აქტივობებით’, – ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს ნატა ფერაძე, პარტიზანი მებაღეების ერთ-ერთი წევრი.

ანდრო შენგელია არ განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, კომპანია ალტერნატიული მიწის ფართით დაკმაყოფილდეს. მისი თქმით, იმ ტიპის მშენებლობისთვის, რაც “ემ ჯგუფს” და “კოლორიტს” აქვთ ჩაფიქრებული, სწორედ ასეთი ზონაა საჭირო. მისივე თქმით, ის პრეტენზიები, რომელიც მომიტინგეებს თბილისის საკრებულოსთან და მერიასთან აქვს, კომპანიას არ ეხება, რადგან მან ტერიტორია კანონის სრული დაცვით იყიდა და, შესაბამისად, მშენებლობის წარმოების უფლებასაც კანონიერად ფლობს.

‘პრეტენზია აქვთ რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლაზე, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელში მიიღო მერიამ. მას შემდეგ ტენდერით იქნა შეძენილი სხვა კომპანიის მიერ, ჩვენ კი მიმდინარე წლის თებერვალში შევიძინეთ ეს 690 000 ლარად. ამჟამად საპროტესტო აქცია არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვაწარმოოთ სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ამ ერთი თვის მანძილზე, როცა საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა პროტესტი, მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს არის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი, რომელმაც სპეციალურად შეისწავლა ამ ნაკვეთის საკითხი, მისი კანონიერება და დადეს დასკვნა, რომ აქ არავითარი უკანონობა ჩვენი და კანონმდებელი ორგანოების მხრიდან დაშვებული არ არის. ამ პერიოდში მოვახდინეთ საზოგადოების ინფორმირება, მრავალ არხზე ჩვენი წარმომადგენელი გამოვიდა კომენტარებით, ფეისბუკზე დაიდო შესაბამისი მასალები. ანუ საზოგადოება მოემზადა იმისთვის, რომ ჩვენ გვეცნობებინა, თუ რას ვაკეთებთ და როგორ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანების გარკვეული კატეგორია ისევ აპროტესტებს ამ ბუჩქების გადარგვას. მას შემდეგ, რაც მერიამ დაგვიკანონა და მოგვცა მშენებლობის უფლება, თან მოაყოლა თავისი ვალდებულებები, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის შემოგარენის მოვლა- პატრონობას, რაც უკვე შესრულებულია, აქ გაკეთდა უკვე ბუჩქების გამწვანება, მისასვლელი გზების მოწესრიგება, დასუფთავება, საბავშვო ატრაქციონების გარემონტება. აქ სულ 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია იდება და გვიზღუდავენ ჩვენ უფლებებს. მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა ისინი გვეუბნებიან- ჯერ მოილაპარაკეთო, დრო კი იწელება”, – ამბობს ანდრო შენგელია. სამართალდამცველები ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა სიტუაციის განვითარებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის (რომელსაც ანდრო შენგელია ახსენებს) დამფუძნებელია მოძრაობა ‘არას” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიტაძე, რომელიც დღეს ასევე იმყოფებოდა “ციყვების ტერიტორიაზე” ყოფილ პოლიტპატიმრებთან, გიორგი გაბედავას, მელორ ვაჩნაძესა და შაკო გოგინაშვილთან ერთად.

 

“ჩვენ ვართ უფლებადამცველები, არც იქითა მხარეს ვართ და არც აქეთ, ანუ არც ინვესტორის და არც აქციის მონაწილეები, ნეიტრალური გვიჭირავს და გვაინტერესებს რა ხდება. ინვესტორის პოზიციაც გასაგებია, შესყიდული აქვს კანონიერად, და ამ ადამიანების პოზიციაც. მთავარი პრობლემა რაც არის -საკრებულო, საკრებულოში უნდა გადაწყდეს ეს თემა. საკრებულოში არჩეული ადამიანები, ვინც არიან ბანდიტები, იმათ გაყიდეს ეს ტერიტორია და სამართლებრივად ინვესტორს ვერაფერს ვერ მოსთხოვ. ეს არის ჩემი პოზიცია. არც ერთი მხარე მიჭირავს, არც მეორე, რადგან უფლებადამცველი ვარ და არ მაქვს უფლება, კანონს გადავაბიჯო. საკრებულოს უნდა მოეთხოვოს, რომ ინვესტორს გადაეცეს ან ალტერნატიული ფართი, რადგან ამ ადამიანს ფული აქვს გადახდილი ამ ფართში, ან ეს ადამიანები დააკმაყოფილონ სხვანაირად, სხვა გამოსავალი არ არის, მაშინ უნდა დახოცონ ერთმანეთი. ამიტომ ვართ მოსული, რომ დავაკვირდეთ პროცესებს და გავარკვიოთ რა ხდება”, –  აცხადებს გიორგი გაბედავა.

მელორ ვაჩნაძემ “ნეტგაზეთთან” არ ისურვა საუბარი იმის შესახებ, თუ რატომ იმყოფებოდა იგი კუს ტბაზე და როგორი იყო მისი პოზიცია, თუმცა შემდეგ , მომიტინგეებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი დაინტერესდა ამ საკითხით, მისი კანონიერებით და საკითხის შესწავლა თუ მონიტორინგი გადაწყვიტა.

დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებდა, მელორ ვაჩნაძემ მათ მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. პარტიზანმა მებაღეებმა კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზეს ამოღებული ნერგების კვლავ ციყვების ტერიტორიაზე დარგვა და ამ საკითხზე მორატორიუმის გამოცხადება მანამ, სანამ მას საკრებულო და სხვა შესაბამისი უწყებები განიხილავდნენ. “კოლორიტის” წარმომადგენლებმა კი მომიტინგეებს განუცხადეს, რომ 30 სექტემბრამდე, მანამ, სანამ მოქალაქეები საკრებულოში პეტიციას შეიტანდნენ, ყოველგვარ მშენებლობას შეაჩერებდნენ, თუმცა სანაცვლოდ დემონსტრანტებს იმ სატვირთო მანქანისთვის, რომელზეც ბუჩქოვანი ნერგები იყო განთავსებული, გადაადგილების საშუალება უნდა მიეცათ, რაზეც მომიტინგეები არ დათანხმდნენ. ამან შპს “კოლორიტის” წარმომადგენლების და მელორ ვაჩნაძის უკმაყოფილებაც გამოიწვია.

 

22:00 საათის მდგომარეობით, პარტიზანი მებაღეები და აქცის სხვა მონაწილეები, რომელთა შორის ლაშა ჩხარტიშვილიც იყო, კვლავ კუს ტბის ტერიტორიაზე რჩებიან.

 

ტერიტორიიდან ამოღებული ნერგების გატანას მოქალაქეები მიმიდნარე წლის ივლისშიც აპროტესტებდნენ. 

 

ფოტო: ანიტა თვაური
ფოტო: ანიტა თვაური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი