“პრაქტიკულად, ყველა ის საკითხი, რასც ჩვენ განვიხილავთ, მოგვარებულია, ან თითქმის მოგვარებულია. შეგახსენებთ, რომ აღდგა ჩვენი პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე. რაც შეეხება ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს, აღმოჩნდა, რომ რუსეთში მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენ მოველოდით, თითქმის ორჯერ მეტია. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ კარგი დახმარებაა მათთვის, ვინც მეღვიონების სფეროში საქმიანობს, ეს არის ათი ათასობით ადამიანი. რუსეთის ბაზრის გახსნა ამ სექტორის განვითარებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. არ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდება რაღაც კარდინალური ცვლილებები და ყველაფერი უცებ შეიცვლება, მაგრამ გარკვეულ სტიმულს ეს ჩვენ მეღვინეობას მისცემს. ჩვენი მეღვინეობა უკვე გასულია სხვადასხვა ბაზარზე და იმის რისკი, რომ ერთ ბაზარზე გავხდეთ დამოკიდებულები, ძალიან მცირეა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ და ახლაც ვიტყვით, რომ დიპლომატების და პოლიტიკოსების საქმეა, რომ გახსნას დახურული კარი, შემდგომ კი თვითონ ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს, უღირს მას იქ შესვლა თუ არა, და გარკვეული რისკიც თავის თავზე აიღოს. რუსეთის ბაზარზე არის პოლიტიკური რისკის ელემენტი, მაგრამ ყველა ბაზარს ახასიათებს გარკვეული რისკები და ეს ჩვენმა ბიზნესმენებმა კარგად იციან”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, რუსულ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციაც ბრუნდება:
“ჩვენი სასოფლო პროდუქცია ბრუნდება რუსულ ბაზარზე. პირველი პარტია, როგორც მითხრეს, უკვე შევიდა რუსეთში და ალბათ უახლოეს პერიოდში ციტრუსები, ხილი, ბოსტნეული დაუბრუნდება რუსულ ბაზარს და ამითაც ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ჩვენი სატრანსპორტო კომპანიები არიან ძალიან დაინტერესებული იმაში, რომ ისინი ჩართულიყვნენ ამ პროცესში და მათი მეშვეობით მომხდარიყო აი, ამ პროდუქციის ტრანსპორტირება ამ მიმართულებით. აქ იყო სირთულეები, რის გამოც წლების მანძილზე ჩვენი საგზაო–სატრანსპორტო კომპანიები გამოთიშული იყვნენ და სხვა ქვეყნების კომპანიები ხეირობდნენ- თურქული, აზერბაიჯანული, სომხური კომპანიები, ახლა ეს სირთულეები მოიხსნა და მათი მხრიდან ინტერესი ნამდვილად დიდია. რკინიგზაზეც მოიხსნა ის შეზღუდვები, რომელიც არსებობდა, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანი–დაღესტნის მარშრუტი რუსეთის მიმართულებით. იქ არსებობდა რაღაც კონვენციური აკრძალვა, რაც საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ჩვენი ტვირთები იმ გზით წასულიყო. ეს პრობლემაც მოგვარდა. საბაჟო–გამშვები პუნტქზე, ჩვენს ლეგალურ საზღვარზე, ყაზბეგი–ზემო ლარსი მაქვს მხედველობაში, მოწესრიგდა, ახალი ტერმინალები შეიქმნა, გზაც შეკეთდა და გარემონტდა. რუსეთიდან მომავალი ავტომანქანების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, სადღაც 40%–ით არის გაზრდილი რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა. ესეც ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა რეგულარული რეისების აღდგენაზე, აქ გარკვეული პრობლემები იყო, მათ შორის დავალიანება იმ [ქართული] კომპანიებისა, რომელიც უკვე აღარ არსებობენ და 1990–იან წლებში დაგროვდა ეს დავალიანება. რუსეთის მხარე ამ დავალიანების დაბრუნებას ითხოვს, ჩვენ ფორმულა გამოვნახეთ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შესაბამისი უწყებების ექსპერტები ერთმანეთს შეხვედებიან ახლო მომავალში და ამ რეგულარული რეისების აღდგენის საკითხსაც მოაგვარებენ. ჩვენ ამჯერად რუსი კოლეგისგან [კარასინი] მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს სავიზო რეჟიმის შემსუბუქება. ეს არ იქნება რაღაც ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვითაც ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება. როგორც მან ამიხსნა, ეს პროცესი მიმდინარეობს, სულ უფრო და უფრო მეტი ვიზა გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე. მითხრა, რომ განსკუთრებით მარტივდება ნათესაური კავშირების განხრით გაცემული ვიზების რაოდენობა. ზოგადად სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არ არის, რადგან რუსული მხარე ამას უკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რაზეც ჩვენ არ მივდივართ”, – აღნიშნა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი, რაც ამ დიალოგმა მოიტანა, არის ის, რომ ზოგადად იკლო დაძაბულობის ტემპერატურამ ორ ქვეყანას შორის და შეიარაღებული კონფლიქტისა თუ დიდი ძალადობის განახლების ალბათობამ.
“ეს ძალიან მნიშვენლოვანი ფაქტია”.
აბაშიძის თქმით, კარასინთან შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე მოვლენების განხილვას, თუმცა მან ეს საკითხიც დააყენა და შეშფოთება გამოხატა.







