ახალი ამბებისამართალი

წალენჯიხაში სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებულს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

27 თებერვალი, 2018 • 1532
წალენჯიხაში სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ბრალდებულს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზუგდიდის რაიონულმა  სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამხედრო მოსამსახურის, ბექა რუსიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებული, ასევე სამხედრო მოსამსახურე დ.ჯ.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ დ. ჯ-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მდებარე საგუშაგოს ტერიტორიაზე მდებარე მოსასვენებელში, დათვალიერების მიზნით, დ. ჯ-მ იარაღების შესანახად გამოყოფილ ღია კარადაში სხვა ცეცხლსასროლ იარაღებთან ერთად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი უნებართვოდ აიღო, დაუდევრად მოეპყრო, რა დროსაც გაისროლა.

პროკურატურის ცნობით, სროლის შედეგად 19 წლის ბექა რუსია დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

ორივე სამხედრო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურე იყო. ბრალდებული დ. ჯ იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

გარდაცვლილის დედამ, იზა რუსიამ “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა, რომ თავისი შვილის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა კადრები, სადაც ჩანს, რომ წვევამდელები კამერასთან ცეცხლსასროლი იარაღით პოზირებენ, ასევე კადრები, სადაც ერთი ადამიანი მეორეს ძალით მიათრევს.

როგორც გარდაცვლილის დედამ განაცხადა, სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი ერთ-ერთი მეთაურის, ალექსანდრე კვიჟინაძის დაუდევრობამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, სწორედ მისი იარაღიდან არის მოკლული ბექა რუსია.

“ეს არ იყო უბედური შემთხვევა, იმ კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ იქ არაერთი შემთხვევა ყოფილა, სადაც ბავშვებს ტაბელური იარაღი უჭირავთ. ბავშვები ყველანაირად თავისუფლები არიან და უფროსები აძლევენ უფლებას, რომ ერთმანეთს დაუმიზნონ და ეთამაშონ ამ იარაღით,” – აცხადებს რუსთავი 2-თან საუბრისას გარდაცვლილის დედა, იზა რუსია.

წვევამდელის ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია ამბობს, რომ ეს შემთხვევა ალექსანდრე კვიჟინაძის გულგრილობამ და გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, იგი პასუხისგებაში არ მისცეს და მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობაც არ დამდგარა. როგორც ადვოკატი ამბობდა, იმ კადრებში, რომლებიც ოჯახმა გაავრცელა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება.

მასალების გადაბეჭდვის წესი