ახალი ამბებისამართალი

საგუშაგოზე გარდაცვლილი ბექა რუსიას საქმეზე ოჯახი საეჭვო გარემოებებზე საურობს

29 იანვარი, 2018 • 1591
საგუშაგოზე გარდაცვლილი ბექა რუსიას საქმეზე ოჯახი საეჭვო გარემოებებზე საურობს

2017 წლის 26 ოქტომბერს სოფელ მუჟავას საგუშაგოზე გარდაცვლილი ბექა რუსიას ოჯახი საქმის სრულყოფილად გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს.

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავასთან, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს, საგუშაგოზე, 19 წლის წვევამდელი ბექა რუსია ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიამ იმსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით ერთ სამხედრო მოსამსახურეს ბრალად სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა ედება (სსკ-ს 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, საქმეს კი ზუგდიდის სასამართლო იხილავს.

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ საგუშაგოზე უფროსები გულგრილად ეკიდებოდნენ თავიანთ მოვალეობებს:

“ეს არ იყო უბედური შემთვევა, იმ კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ იქ არაერთი შემთხვევა ყოფილა, სადაც ბავშვებს ტაბელური იარაღი უჭირავთ. ბავშვები ყველანაირად თავისუფლები არიან და უფროსები აძლევენ უფლებას, რომ ერთმანეთს დაუმიზნონ და ეთამაშონ ეს იარაღი,”- აცხადებს რუსთავი 2-თან საუბრისას გარდაცვლილის დედა, იზა რუსია.

იზა რუსიამ “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა, რომ თავის შვილის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა კადრები, სადაც ჩანს, რომ წვევამდელები კამერასთან ცეცხლსასროლი იარაღით პოზირებენ, ასევე კადრები, სადაც ერთი ადამიანი მეორეს ძალით მიათრევს. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი ერთ-ერთი მეთაურის, ალექსანდრე კვიჟინაძის დაუდევრობამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, სწორედ მისი იარაღიდან არის მოკლული ბექა რუსია.

“მე ვითხოვ სამართლიანობას, თუნდაც დაეკავებინათ და ეთქვათ, რომ ეს შემთხვევა მოხდა თქვენი იარაღიდან,”- განაცხადა მან.

წვევამდელის ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია ამბობს, რომ ეს შემთხვევა ალექსანდრე  კვიჟინაძის გულგრილობამ და გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, იგი პასუხისგებაში არ არის მიცემული და მის მიმართ დისციპლინური პასუხსმგებლობაც არ დამდგარა. როგორც ადვოკატი ამბობს, იმ კადრებში, რომლებიც ოჯახმა გაავრცელა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება.

კადრების გავრცელების შემდეგ, 28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე (სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილით). მათივე განცხადებით, ამ დრომდე მათ ამ ვიდეოკადრების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

დღეს, 29 იანვარს, ნეტგაზეთი დაუკავშირდა დაზარალებულების ადვოკატს, როლანდ შონიას. მან განგვიცხადა, რომ დაზარალებულის დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს და გამომძიებელი მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეცნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი