ახალი ამბები

“ოცნების” კოორდინატორი: ივანიშვილმა სვანებისთვის მიცემული პირობა დაარღვია

19 სექტემბერი, 2013 • 1314
“ოცნების” კოორდინატორი: ივანიშვილმა სვანებისთვის მიცემული პირობა დაარღვია

როგორც თამარ ფირცხელანი ამბობს, წინასაარჩევნო პერიოდში, სვანეთის სოფელ ლატალში “ქართული ოცნების” კოორდინატორი იყო და კარგად ახსოვს ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელზეც ივანიშვილმა სვანეთში სტუმრობისას ისაუბრა:

 

“2012 წლის საარჩევნო კამპანიისას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი სვანეთში ჩამოვიდა, მას სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები შეხვდნენ. პირველი საკითხი, რაც სვანებმა დააყენეს, იყო კატეგორიული მოთხოვნა, რომ ჰესი არ აშენებულიყო. ეს თითოეული ოჯახის ნებაა სვანეთში. მაშინ ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ სვანეთს არავინ არ შეეხებოდა, მაგრამ ახლა ის ჰესის მშენებლობაზე ალაპარაკდა. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჰესის მშენებლობას, მე ვიცი ჩემი სოფლის დამოკიდებულება, უბრალოდ, ისინი დღეს ვერ ჩამოვიდნენ, რადგან დიდი გზაა თბილისამდე, მაგრამ მე მათი სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ რომ ჩაგვაცემენტონ, იქ ჰესის მშენებლობას მაინც არ დავუშვებთ”, – აცხადებს თამარ ფირცხელანი.

 

ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განხილვის პარალელურად ქორთიარდ მარიოტის წინ აქცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

“ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ არ დავუშვათ ხუდონჰესის მშენებლობა, ეს არის დიდი ბოროტება პატარა სარგებლის სანაცვლოდ, ეს გადაწყვეტილება ემსახურება არა ხალხს, არამედ ინვესტორის ინტერესებს”, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წევრმა, ალექსანდრე კობაიძემ.

“ქორთიარდ მარიოტის” წინ აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, მომდევნო აქცია კი 26 სექტემბერს, 16:30 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან დაიგეგმა.

საპროტესტო აქცია ხუდონჰესის წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია ხუდონჰესის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი