ახალი ამბები

მთავრობა აუტიზმის მქონეთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას გეგმავს

21 თებერვალი, 2018 •
მთავრობა აუტიზმის მქონეთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის საჭირო სერვისები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გახდეს ხელმისაწვდომი, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს არც გეგმა და არც ვადები.

„საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ ვგეგმავთ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ადამიანებისთვის გავაკეთოთ დღეს არსებული საჭიროებების სწრაფი ანალიზი და ჩამოვაყალიბოთ ტექნიკური დავალება მთავრობისთვის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ წარმატებული გამოცდილება და სერვისები, რომელსაც აქვს შედეგი თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში, ხელმისაწვდომი გახდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

20 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებთან, თბილისის მერიის, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მხარდაჭერით გაიმართა,

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოება მოკლე ვადაში ვერ მოხდება, რადგან დაფინანსების საკითხთან ერთად არსებობს სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის: ადამიანური რესურსების, ცნობიერების ამაღლების, დიაგნოსტიკისა და გამოვლენის პრობლემები.

„ბუნებრივია, ზუსტად თქვენი მოსაზრებები, თქვენი ანალიზი და თქვენი რჩევები გვაინტერესებს იმისათვის, რომ გავაკეთოთ უფრო კონკრეტული მონახაზი, თუ რა მოლოდინები არსებობს საზოგადოების მხრიდან და იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ეს სერვისები სჭირდება. თქვენ ყველაზე უკეთ იცით ეს, რადგან თავის დროზე იბრძოდით იმისთვის, რომ ეს სერვისები ყოფილიყო ჩვენს ქვეყანში “, – განაცხადა განაცხადა თალაკვაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილიც. მისი თქმით, შეხვედრზე თბილისის გამოცდილების შესახებ ისაუბრა, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციის პროგრამას კურირებს. შესაძლებელია, რომ ამ გამოცდილების გაზიარება მოხდეს, როდესაც პროგრამას გააფართოებენ და რეგიონებშიც დანერგავენ.

“რეგიონებში სერვისების განვითარება პირველ რიგში თბილისის პროგრამისთვისაა საჭირო, რომ არ მოხდეს ამ ოჯახების გადმორეგისტრირება თბილისში, ვინაიდან ეს, პირველ რიგში, საკმაოდ მძიმეა და არ არის სასურველი. მეორეც, თბილისის პროგრამაში გარკვეული შეზღუდვებია რეგისტრაციის ვადასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ თბილისში გადმორეგისტრირება არ ნიშნავს, რომ მაშინვე მოხვდებიან თბილისის პროგრამაში”,- განაცხადა ჩივიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თბილისის პროგრამაში ჩართულია 787 ბავშვი. თბილისის მსგავსი პროგრამა არსებობს ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში და ქობულეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი