ახალი ამბები

კალაძე: ეკონომიკაში დასაბამი მიეცა მთლიანად ახალ საინვესტიციო ეტაპს

16 სექტემბერი, 2013 • • 1037
კალაძე: ეკონომიკაში დასაბამი მიეცა მთლიანად ახალ საინვესტიციო ეტაპს

ჰესის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე კახი კალაძემ ამ ინვესტიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: 

 

“აჭარის ამ ულამაზეს კუთხეში ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება. ჩვენი დღევანდელი ღონიძიება არის სტიმული იმისა, რომ არა მარტო ჰიდროენერგეტიკაში, არამედ მთლიანად ეკონომიკაში დასაბამი მიეცა მთლიანად ახალ საინვესტიციო ეტაპს, რაც განპირობებულია წარმატებული ქვეყნის წინ მიმავალი ნაბიჯებით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა, სოციალური გარემო, სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა და ჩვენი შვილების და შვილიშვილების სტაბილური, პერსპექტიული მომავალი განაპირობებულია და დამოკიდებულია სწორედ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ეკონიმიკურ–პოლიტიკურ სტაბილურობაზე”. 

 

კალაძის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, საინვესტიციო ჯანსაღი გარემოს შექმნა და ბიზნესისთვის გამარტივებული უნაკლო პირობების შემუშავება არის კოალიცია “ქართული ოცნების” გუნდის მთავარი პრიოროტეტი: 

 

“ჩვენს ქვეყანაში გასულ წელს დასაბამი მიეცა პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებას. ქვეყნის პირველი პირებიდან დაწყებული, თითოეული მოქალაქით დასრულებული, ყველამ ეკონომიკის აღმავლობაზე დაიწყო ფიქრი და მუშაობა. უცხოელი ინვესტორების დაინტერესება ჩვენი დარგით დღითიდღე იზრდება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რა მდგომრეობაში იყო ბიზესი, როგორი ტერორიზებული იყო ხელისუფლების მიერ. ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ ის, რომ 1 ოქტომბრის მერე ბიზნესი არის სრულიად თავისუფალი.  უფრო და უფრო ბევრ ადგილობრივ ბიზნესმენს უჩნდება სურვილი და მოტივაცია უსაფრთხოდ, კანონიერად მოიხმაროს თავისი კაპიტალი და ქვეყნის ეკონომოკის აღმენებლობაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა.” 

 

კალაძემ მადლობა გადაუხადა  “ტატა ჯგუფს” საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციისთვის: “ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებასაც დღეს ეყრება საფუძველი. ჩვენ და ჩვენი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციები შემოვიდეს. ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მოკლე ვადაში ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლერი და გამართული. ეს არის ჩვენი გუნდის პრინციპული ამოცანა და გარწმუნებთ, რომ ერთად დგომით და ერთსულოვნებით ამას აუცილებლად მივაღწევთ. “

 

შუახევი ჰესი” ერთ-ერთი იქნება იმ ჰიდროელექტროსადგურების კასკადში, რომელსაც აჭარაში ინდური ტრანსნაციონალური კომპანია “Tata Group“ ახორციელებს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად. აჭარაში ჰესების კასკადის პროექტის ღირებულება 700 მილიონამდე აშშ დოლარია და კასკადის შემადგენლობაში იქნება – შუახევი ჰესი, კორომხეთი ჰესი, ხერთვისი ჰესი და სხალთა ჰესი.

 

უმსხვილესმა ინდურმა ტრანსნაციონალურმა კომპანია-კონგლომერატმა „ტატა ჯგუფმა“ საქართველოში ინვეტიციების განხორციელების სურვილი მიმდინარე წლის 24 იანვარს, დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს გამოთქვა. “Tata Group“-ის დელეგაცია თავდაპირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში, თავის ბიზნეს-ცენტრში 20 თებერვალს მიიღო.

 

“ტატა ჯგუფი” მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114 კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი