ახალი ამბები

სოცსააგენტო ამირან დევნოზაშვილისთვის მშობლის უფლების შეზღუდვას მოითხოვს

16 თებერვალი, 2018 • 3239
სოცსააგენტო ამირან დევნოზაშვილისთვის მშობლის უფლების შეზღუდვას მოითხოვს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი უკვე რამდენიმე წელია, რაც გამოკეტილი ჰყავს. ამბავი ფართო აუდიტორიისთვის 2018 წლის იანვარში “რუსთავი 2″-ის ეთერში გასული სიუჟეტით გახდა ცნობილი. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, რათა გაეგო, შეიცვალა თუ არა რცხმელურში გამოკეტილი ბავშვების მდგომარეობა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ოჯახის შესახებ მათ 2010 წლიდან იციან და დღემდე აგრძელებს სოციალური მუშაკი, მაია ხაბულიანი მათთან ურთიერთობას. მაია ხაბულიანის თქმით, ბავშვების მდგომარეობა იგივეა, მათ არ უჭირთ წერა-კითხვა და კონტაქტში შესვლა, თუმცა მათთვის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოციალური სამსახური სარჩელს ამზადებს, რათა მამას, ამირან დევნოზაშვილს, მშობლის უფლება კიდევ ერთხელ შეეზღუდოს. გარდა ამისა, ხაბულიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დედასთან და შვილებთან ფსიქოლოგების მუშაობაც იგეგმება, რათა “როგორმე დაიყოლიონ” და უფრო რადიკალური ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.

მაია ხაბულიანი ამბობს, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან მიიღეს, თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ მამისთვის იგეგმება მშობლის უფლებების შეზღუდვა.  

ომბუდსმენის მოადგილის, ეკა სხილაძის თქმით, რეკომენდაცია სახალხო დამცველის სახელით ვერ გაკეთდებოდა, ვინაიდან ომბუდსმენის აპარატს შემთხვევის შესახებ მოკვლევა ჯერჯერობით არ დაუსრულებია.

“ჩვენი წარმომადგენელი ნამდვილად ესწრებოდა ამ შეხვედრას, თუმცა ჩვენი რეკომენდაცია, ომბუდსმენის აპარატის სახელით, ეს ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ ჯერჯერობით რეკომენდაცია არ მოგვიმზადებია და პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, მათ შორის, არც წერილობითი სახით” – განაცხადა ეკა მსხილაძემ.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილე განმარტავს, შესაბამისი უწყებების მხრიდან ჩატარებული ღონისძიებების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას ელოდებითან, რის შემდეგაც ომბუდსმენი კონკრეტულ ხედვას მოამზადებს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების პრესსამსახურმა განმარტა, ამ დროისთვის საგამოძიებო ქმედებები ტარდება. გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ისჯება.

რა ვიცით დევნოზაშვილის ოჯახის შესახებ

  • ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი ჰყავს, 3 ბიჭი და 5 გოგო. ყველაზე უფროსი შვილი 21 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – 7 წლის;
  • ოჯახში მუდმივად ცხოვრობს ოჯახის 11 წევრი: მამა, დედა, ბებია და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის;
  • ბავშვებს სკოლაში არასდროს უვლიათ, ამირან დევნოზაშვილი მიიჩნევს, რომ შვილებს უკეთესად ზრდის;
  • სახელმწიფომ 2010 წლიდან იცის, რომ ამირან დევნოზაშვილი შვილებს სახლიდან არ უშვებს;
  • ოჯახი ჩართულია პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე მუშაობს მათთან;
  • დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ეხმარება ბავშვებს სწავლის პროცესში;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი და ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი, თუმცა მათ აზრი ვერ შეაცვლევინეს;
  • 2011 წელს მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ  მშობლის წარმომადგენლობითი  უფლებამოსილება  სასამართლოს მიერ, მაგრამ სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა;
  • სააგენტოს ცნობითვე, ოჯახთან მუშაობის დროს არ იკვეთება ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავენ შვილებზე;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც დაბალი კომპეტენციით და ბავშვთა დაცვის ძალიან დაბალი სტანდარტითაა გამოწვეული;
  • ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, ამირან დევნოზაშვილმა მას უთხრა, რომ მართლმადიდებელი წმინდანის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებით მოქმედებს, თუმცა, მიტროპოლიტის თქმით, დევნოზაშვილი ეპისკოპოსის სწავლებებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს;
  • გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ რვა ბავშვი, რომლებიც მამას – ამირან დევნოზაშვილს სახლში ჰყავს ჩაკეტილი, ძალადობის მსხვერპლია. “იუნისეფის” განცხადებითვე, სახელმწიფომ მყისიერად უნდა აღადგინოს სახლში ჩაკეტილი ბავშვების უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი