საზოგადოება

“საქართველოს ევროპული ორბიტა” — ვინ და რატომ აფუძნებს ახალ პლატფორმას

5 სექტემბერი, 2023 • 3658
“საქართველოს ევროპული ორბიტა” — ვინ და რატომ აფუძნებს ახალ პლატფორმას

საქართველოში დაფუძნდა ახალი პლატფორმა, რომლის მიზანიც იქნება, “სამოქალაქო აქტივიზმის შესაძლებლობა” მისცეს ქვეყნის ევროინტეგრაციის მოსურნე ადამიანებს. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” “საქართველოს ევროპული ორბიტის” თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

პლატფორმის პრეზენტაცია 7 სექტემბერს, თბილისში გაიმართება. შეხვედრის სახელწოდებაა “ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის”.

“რამდენიმე თვე არის დარჩენილი კანდიდატის სტატუსის [გადაწყვეტილების გამოცხადებამდე] და ვფიქრობთ, რომ ისტორიულად გადამწყვეტი მომენტია ქვეყნისთვის. ეს საკითხი ძალიან საჩქაროა და მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გარშემო მაქსიმალური კონსენსუსი ვაჩვენოთ ევროპას”, — აღნიშნავს ლომჯარია.

ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, ახალი პლატფორმის მიზანი იქნება “ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი რესურსის შეკავშირება; [შეკავშირება] იმ ადამიანებისა, ვისაც სწამს ევროპული პერსპექტივის, ქვეყნის ევროპული განვითარების”.

“ჩვენ გვინდა, ასეთ ადამიანებს, აქტივისტებს, სხვადასხვა პროფესიონალებს, მივცეთ სამოქალაქო აქტივიზმისთვის სივრცე და შესაძლებლობები… გვინდა, რომ ეს იყოს საშუალება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც დღეს უნდა ევროპული ინტეგრაცია და კითხვას სვამს, რა შემიძლია გავაკეთო მე, რით შემიძლია, ამ ქვეყნის ევროპულ განვითარებას ხელი შევუწყო”, — დასძენს ლომჯარია.

მისი თქმით, ორგანიზაციის დამფუძნებლები  საზოგადოებას 7 სექტემბრის პრეზენტაციაზე მიაწვდიან ინფორმაციას იმაზე, თუ კონკრეტულად რა სახის აქტივობებს გეგმავენ.

“საქართველოს ევროპული ორბიტის” გამგეობის წევრთა შორის არიან სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე ეკატერინე სხილაძე, “რონდელის ფონდის” უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კახა გოგოლაშვილი და ისტორიკოსი ნიკოლოზ ალექსიძე.

“ნეტგაზეთმა” ლომჯარიას ჰკითხა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხომ არ იგეგმება პლატფორმის პოლიტიკურ პარტიად გადაკეთება. ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ ეს არ იგეგმება:

“ეს არ არის პოლიტიკური პლატფორმა და არ ვგეგმავთ, გადავკეთდეთ პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად. ვფიქრობ, სწორედ ამ ნიშამ შეიძლება გააერთიანოს დღეს საზოგადოება — სამოქალაქო აქტივიზმი. ვფიქრობთ, ამ პერსპექტივიდან არის მნიშვნელოვანი, რომ მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია… აქ უნდა იყვნენ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანები, რომელთაც აერთიანებთ ერთი მიზანი: საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი