ახალი ამბებიკომენტარი

ვინ (ვერ) იცავს არასრუწლოვნებს პირადი ცხოვრების ხელყოფისგან – ინტერვიუ ეკა სხილაძესთან

5 ივნისი, 2019 •
ვინ (ვერ) იცავს არასრუწლოვნებს პირადი ცხოვრების ხელყოფისგან – ინტერვიუ ეკა სხილაძესთან

15 წლის გოგო ინტიმური კადრების გავრცელების შემდეგ ამბობს, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

მოსწავლე ჰყვება, რომ ყოველდღიურად განიცდიდა წნეხს საზოგადეობისგან, იძულებული იყო დაეტოვებინა სკოლა, სხვა სკოლებში კი ჩარიცხვაზე უარი განუცხადეს. გოგო ამბობს, გადატანილის გამო მან გარკვეული დრო მონასტერშიც დაჰყო.

ვინ უნდა ზრუნავდეს მაშინ, როდესაც არასრულწლოვნების პირადი ცხოვრება საჯარო ხდება და რა ხარვეზები არსებობს ამ კუთხით ქართულ საკანონმდებლო გარემოში?

ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთი სახალხო დამცველის მოადგილეს, ეკატერინე სხილაძეს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ დღესდღეობით ქვეყანას ჩაგვრის წინააღმდეგ ერთიანი, საგანმანათლებლო და სტურქტურულად გამართული გეგმა არ აქვს. მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეინტეგრირების პოლიტიკა.

რით არის მსგავსი დამოკიდებულება განპირობებული და ხომ არ იჩენს თავს აქ განათლების სისტემის ხარვეზი?

საქართველოს სახალხო დამცველი ყოველთვის საუბრობს იმ გამოწვვებზე, რაც ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში ბულინგისა თუ ძალადობის მიმართულებით არსებობს. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის,  რომ ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს ბულინგის პრევენციის ერთიანი სტრატეგია. სკოლების ღონისძიებები ხშირად სპონტანურია და არ არის გაწერილი ის პროცედურა, რაც ბულინგის პრევენციისთვის ან შემდგომში რეაგირებისთვის უნდა გამოიყენებოდეს. მეორე მხრივ, ამ ყველაფერს ამძაფრებს ის სტერეოტიუპული განწყობები თუ დამოკიდებულებები, რაც საზოგადოებაში არსებობს.

ამასთანავე, სკოლებში არ ხდება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სწავლება. ის გაბნეულია სხვადასხვა საგნების კომპეტენციაში, თუმცა ერთიანი მიდგომა და სტანდარტი, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ეს საკითხები – არ არსებობს.

ზოგადად, სკოლებში პერიოდულად ვატარებთ მონიტორინგს, ვაფასებთ იქ არსებულ გარემოს, მათ შორის, ძალადობისა და ბულინგის მიმართულებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ჩვენი მონიტორინგის დროს გამოვლინდა, არის ის, რომ გენდერული თუ სხვაგვარი სტერეოტიპები კვლავ აქტუალურია. სკოლას კი აქვს ვალდებულება და უნდა ჰქონდეს იმის რესურსი, რომ ბავშვებში და ახალგაზრდებში წინასწარ განწყობებსა და სტერეოტიპებს განათლების გზით ებრძოლოს.

ჩვენ, სამწუხაროდ,  ვერ ვხედავთ სიღრმისეულ მიდგომებსა და ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ სკოლის სივრცე ამ მხრივ ბავშვებისთვის იყოს უსაფრთხო. უფრო მეტიც, როდესაც ვსაუბრობთ ჩაგვრის პრაქტიკაზე, ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით, როდესაც ბავშვის მიმართ ძალადობა ხდება ასევე სკოლის ადმინისტრაციისა თუ პედაგობების მხრიდან და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალადობად  არ აღიქმება და არ იდენტიფიცირდება . უფრო ხშირად, პედაგოგები და სკოლების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ბულინგი არის ურთიერთშეუთანხმებლობა და აზრთა სხვადასხვაობა და ისინი ხშირად განსაკუთრებულ მნიშვნელოვანას არ ანიჭებენ ამგვარ შემთხვევებს.

როდესაც არასწრულწლოვანს მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ სკოლები ჩარიცხვაზე უარს ეუბნებიან, რა უფლებები ირღვევა ამ დროს?

სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო უკვე ამ კონკრეტული შემთხვევის შესწავლა.  ჩვენ შევაფასებთ ყველა კონკრეტულ გარემოებას, თუმცა, ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, განათელბის უფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული და ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება, ტერიტორიული თუ სხვა პრინციპების დაცვით, იმ ადგილას, სადაც მისთვის ამ უფლების რეალიზაცია უფრო მეტად არის ხელმისაწვდომი.

ეს კონკრეტული გარემოება შესაფასებელია.  თუ გამოიკვეთება, რომ სკოლების მხრიდან უარი განპირობებული იყო სხვა ფაქტორებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება როგორც ამ სკოლების, ასევე განათლების სისტემის პასუხისმგებლობა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ სავალდებულო საბაზო განათლება ქვეყანაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

იმ პირობებში, როდესაც ხშირად ხდება არასრულწლოვნების მხრიდან განათლების მიტოვება სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ადრეული ქორწინებითა თუ ბავშვთა შრომით, ჩვენ არ გვაქვს მაღალი მაჩვენებელი იმისა, თუ რა ღონისძიებებს ატარებს სკოლა, აღრიცხავს თუ არა სწორად ასეთ შემთხვევებს, ატყობინებს თუ არა სხვადასხვა უწყებებს და ა.შ.

როგორ უნდა დაეხმაროს ამ დროს სახელმწიფო არასრულწლოვანს? როგორ იკვეთება სკოლისა თუ ოჯახის როლი?

რა თქმა უნდა, სკოლა არის ის დაწესებულება, სადაც ყველაზე პირველი ხდება მსგავსი ფაქტების შესახებ ცნობილი და მას ვალდებულება აქვს, რომ მოახდინოს რეფერირება შესაბამის უწყებებში. ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყება შეიძლება იყოს როგორც სოციალური მომსახურების სააგენტო, ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით, მათ შორის, ფსქიოლოგიური მხარდამჭერის მიმართულებით, ასევე- შსს.  ჩვენ შესწავლისას, რა თქმა უნდა, ამასაც მივაქცევთ ყურადღებას – თუ რამდენად მოხდა რეფერირების პროცედურების დაცვა, რამდენად იყვნენ შესაბამისი უწყებები ჩართულნი და ჰქონდა თუ არა ბავშვს შესაძლებლობა, რომ ესარგებლა ფსიქოლოგის სერვისებით ამ პერიოდის განმავლობაში.

რა არის ასეთ დროს ბავშვის საუკეთესო ინტერესი?

ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება ეკისრება მშობელსა და ოჯახს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ვერ ან არ ასრულებს ამ ვალდებულებას, მაშინ ზრუნვის ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს, შესაბამისი ორგანოების მეშვეობით. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც გარანტირებულია როგორც საერთაშორისო დოკუმენტებით, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით. სხვა ყოველგვარი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.

რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გაგვიჭირდება შეფასება, ვინაიდან დეტალები ჯერ კიდევ შესასწავლია. თუმცა, ყველა შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და სახელმწიფომ ყველა ძალისხმევა უნდა მიმართოს იმისკენ, რომ ბავშვი კვლავ ინტეგრირდეს საზოგადოებაში და არავითარ შემთხვევაში, გამოსავალი არ არის იზოლაცია. იზოლაცია ვერ იქნება განხილული, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ მისი სოციალური დაცვა უზრუნველყოს.  კერძოდ, სოცმუშაკისა თუ ფსიქოლოის ჩართულობით…თუმცა სახალხო დამცველი ყოველთვის საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სტრატეგია არ არსებობს, არ არსებობს გაწერილი პროცედურა, ვთქვათ, ფსიქოლოგი როგორ, რა სახით უნდა ჩაერთოს… აქ ასევე შემოდის რესურსების სიმწირის პრობლემა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი