“მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობა შევიდა ინიციატივით პრეზიდენთთან, რომ გაფორმებულიყო ე.წ. საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის, ჩვენ მყისიერად საპროტესტო ნოტით მივმართეთ რუსეთის ფედერაციას. ჩვენ გავგზავნეთ საპროტესტო ნოტა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, სადაც აღნიშულია, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ხელშეკრულების გაფორმება არის საერთაშორისო სამარათლის ნორმების დარღვევა, მას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს და იგი ბათილად იქნება ცნობილი საერთაშორისო ნორმების შესახებამისად”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა ზალკალიანი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე მისცა ოფიციალური მითითება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოაწეროს შეთანხმების მიღწევის შესახებ დოკუმენტს. აღნიშული შეთანხმების გაფორმებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა ითხოვდა. პუტინის შესაბამისი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა და ის 12 სექტემბრითაა დათარიღებული.
საქართველოს კანონდმებლობით სამხრეთ ოსეთი აღიარებულია ოკუპირებულ ტერიტორიად, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხერთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპაციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში, აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააყენებს დასავლეთს საქმის კურსში და საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხით გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები:
“ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, არის ადმინისტრაციული საზღვარი, რომლის გასწვრივაც რუსეთის მიერ სრულიად უკანონოდ იქმნება მავთულხლართების რაღაც ზოლი, შენდება კედელი, რომელიც ჰყოფს ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობენ. ეს მხოლოდ მიუღებელი ფაქტია”.
აბაშიძის თქმით, მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება, თუმცა ამ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ იქნება საუბარი:
“ჩვენ განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებზეც ვმსჯელობთ დიალოგის დაწყებიდან. პრინციპში ამ საკითხების მოგვარება დასასრულს უახლოვდება, ერთი-ორი საკითხი დარჩა, რაც დაკავშირებულია სავიზო რეჟიმთან, სატრანსპორტო კავშირების რაღაც კონკრეტული მხარეების მოგვარებასთან, კერძოდ, ავიარეისებთან. ასევე, ჩვენ ვიმსჯელებთ სამომავლო თემებზე, ჯერ-ჯერობით მხოლოდ იდეების დონეზე, თუ რა შეიძლება, რომ შემდგომ ეტაპზე ჩვენი დიალოგის თემა იყოს”, – აცხადებს აბაშიძე.








