ახალი ამბები

გიორგი ბერაია: იუსტიციის მინისტრს ჩაბუქის ექსტრადირების შეჩერება შეუძლია

16 თებერვალი, 2018 • 2002
გიორგი ბერაია: იუსტიციის მინისტრს ჩაბუქის ექსტრადირების შეჩერება შეუძლია

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენელი გიორგი ბერაია აკრიტიკებს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებებს მუსტაფა ემრე ჩაბუქზე, რომლის ექსტრადირებას საქართველოდან თურქეთში აპირებენ. მისი თქმით, არასწორია, როცა ისინი ჩაბუქის საქმეზე პასუხისმგებლობას მთლიანად სასამართლოს აკისრებენ, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება პირის ექსტრადიციის შესახებ იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს.

“ექსტრადიციის საკითხს იხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო, შემდეგ ეს პირდაპირ შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში. იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო დააკმაყოფილებს ექსტრადიციის მოთხოვნას, გადაწყვეტილება აღსასრულებლად ეგზავნება იუსტიციის მინისტრს.

სასამართლოს თუნდაც პოზიტიური გადაწყვეტილების მიუხედავად, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, არ გადასცეს პირი შესაბამის სახელმწიფოს. მას აქვს შესაძლებლობა, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არ გადასცეს პირი მეორე სახელმწიფოს, თუ არსებობს იმის დამადასტურებელი საკმარისი გარემოებები, რომ მისი გადაცემის შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება მის ფუნდამენტურ უფლებებს.

შესაბამისად, არასწორია განცხადებები იმის შესახებ, რომ ამ პროცესში მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება სასამართლოს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პოლიტიკური ხელისუფლება იღებს”, – უთხრა გიორგი ბერაიამ “ნეტგაზეთს”.

პირის სხვა ქვეყანაში ექსტრადირებისას იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. 34-ე მუხლში ვკითხულობთ:

“თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებამდე აშკარად გამორიცხავს პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ”.
15 თებერვალს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჩაბუქის საკითხი “სასამართლოს უნდა მივანდოთ. მანამდე კი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ისურვებდა, ჩაბუქი თურქეთს არ გადაეცეს, თუმცა საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო 19 თებერვალს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანცია პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. თუმცა მანამდე მას შეუძლია, საჩივარი პარალელურად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნოს. დაკავებულის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, თუ სტრასბურგში გადაწყვეტილებას შეაჩერებენ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს.

“თუ დაუყოვნებლივი აღსრულების საფრთხე არსებობს ექსტრადიციის საკითხებზე, ბოლოს წინა ინსტანციაში საქმის განხილვამდე უნდა მივმართოთ ევროპულ სასამართლოს. ანუ, როცა ჩვენ უზენაეს სასამართლოში საჩივარს შევიტანთ(ცხადია, მაშინ, თუ პირველი ინსტანცია პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს), პარალელურად უნდა გავგზავნოთ შუამდგომლობა ევროპულ სასამართლოში. ეს შუამდგომლობა კი, შეიძლება ითქვას, მომზადებული გვაქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად. 48 საათში ვიღებთ პასუხს, შეაჩერებს თუ არა ევროპული სასამართლო ექსტრადიციის პროცედურას”, – განუცხადა ადვოკატმა “ნეტგაზეთს”.


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ჩაბუქსითვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, თუმცა მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკითხის კომენტირებისას, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი “იმედის” ეთერში აცხადებდა, რომ თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, ის მოხვდება ევროპული სტანდარტის ციხეში, სადაც არ დაექვემდებარება წამებას.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი